ინფორმაცია მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2019 წლის იანვარი-სექტემბერი)
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7802 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,3 პროცენტით მეტი) 5621,7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა–ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,9 პროცენტით მეტი). ნებართვების 71,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,0 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე და 10,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ–სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
სულ, 2019 წლის იანვარ–სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1923,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,3 პროცენტით მეტი) 1802 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტით ნაკლები).
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, (სექტემბერი 2019)
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, 2019 წელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (%) წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.
2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, დამამუშავებელ მრეწველობაში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარი–სექტემბერი (წინასწარი) საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2014-2019 წწ.
იანვარ–სექტემბერში (მლნ. აშშ დოლარი) *წინასწარი მონაცემები. ექსპორტი იმპორტი სალდო 2019 წლის იანვარ–სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 719.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს (3.3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ–სექტემბერში, 3 755.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1 690.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2014-2019 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
2019 წლის იანვარ–სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 620.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 667.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (10.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 287.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ–სექტემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.9 პროცენტით განისაზღვრა. 2019 წლის იანვარ–სექტემბერში საქართველოდან დსთ–ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 430.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 23.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 704.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (12.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ–ის ქვეყნებთან 3 135.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ–სექტემბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.3 პროცენტი იყო. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.
2019 წლის იანვარ–სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (371.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (355.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (261.3 მლნ. აშშ დოლარი).
2019 წლის იანვარ–სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 138.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (661.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (647.2 მლნ. აშშ დოლარი).
2019 წლის იანვარ–სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 293.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 032.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (772.4 მლნ. აშშ დოლარი).
ტურიზმი
2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.8%-ით აღემატება. ამასთან, ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 0.6%-ით და მათმა რაოდენობამ სექტემბერში 539 524 შეადგინა.
არსებული მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული მონაცემები კვლავ ჩამორჩება იმ პროგნოზებს, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ზრდის დინამიკის ფონზე არსებობდა.
ამასთან, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 20.6%-ით შემცირდა და 147 425 შეადგინა, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 29.9%-ით და 105 572 შეადგინა.
2019 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში საქართველოში სულ 7 237 560 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.6%-ით აღემატება.
დეტალური სტატისტიკა ასეთია:
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +37.8%, გაერთიანებული სამეფო +28.9%, პოლონეთი +26.8%, საფრანგეთი +25.9%, ნიდერლანდები +25.4% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +130.4%, ყირგიზეთი +84.4%, ყაზახეთი +56.4%, ჩინეთი +48.9%, საუდის არაბეთი +45.6%, ქუვეითი +32.8% და სხვა.
შემოსავლები ტურიზმიდან
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი–აგვისტოს მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.
2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 396 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.6%-ით ჩამორჩება.
2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +5%), ხოლო ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.1%-ს უტოლდება.
2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2.8% –ით გაიზარდა.
„საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში შეხვედრები გამართა. პრეზენტაციას საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების და ქუვეითის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნესურთიერთობები, იმ მიზნით, რომ საქართველოში გაიმართოს დიდი ზომის კონგრესები და ღონისძიებები. „ –განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.