მაისში ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა

 2020 წელი, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისთვის კრიზისული აღმოჩნდა. რეგულაციებმა, შეფერხებულმა საერთაშორისო მიმოსვლამ და მსოფლიოს უჩვეულო დღისწესრიგმა ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა.  მიმდინარე წლის ტენდენციები ეკონომიკის სწრაფად აღდგენის მოლოდინს აჩენს. ეს მოსაზრება საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ემყარება. წინასწარი მონაცემებით 2021 წლის მაისში 2020 წლის მაისთან შედარებით საქართველოდან ექსპორტი 45%-ით (105 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 40%-ით (213 მლნ დოლარით) გაიზარდა.  ამა წლის იანვარი-მაისის ექსპორტის მაჩვენებლი  24.4% -ით, იმპორტი კი 16 %-ით გაუმჯობესდა. ექსპორტისა და იმპორტის  მზრდადი დინამიკა მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ეკონომიკა პანდემიისგან მიყენებულ ზარალს ნელ-ნელა ანულებს და განვითარების პერსპექტივას უბრუნდება.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, წინასწარი  მონაცემები შეაფასა და განაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდა თვალსაჩინოა. ცალკეულ დარგებში კი განსაკუთრებული პროგრესი შეიმჩნევა. ესენია: გადამამუშავებელი სექტორი, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო, სასტუმროები, ტურიზმი და მშენებლობა/დეველოპმენტის სექტორი.

ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე დადებითი მოვლენები ლარის კურსზეც აისახა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი გამყარდა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით. კურსის ცვლილება ციფრებში ასე გამოიყურება, აშშ დოლართან მიმართებით 0.94 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც  ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1657 ლარი გახდა, ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.36 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება  3.8356 ლარია, რაც შეეხება ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, კურსის ცვლილება აქაც არის, მისი საფასური 0.25 თეთრით შემცირდა და 4.4674 ლარი გახდა.   16 ივნისის ვაჭრობის შედეგად მიღებული, ლარის ოფიცილაური კურსები 17 ივნისიდან ამოქმედდა.

ლარის კურსის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ეკონომიკის მდგრადობისა და განვითარებისათვის.  მისი სტაბილიზაცია ბიზნეს საქმიანობას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს , რაც დაადასტურა   საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ. ბიზნესის წარმოებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად, გამოკითხულთა 76%-მა პროცენტმა, სწორედ კურსის არასტაბილურობა დაასახელა.  კვლევა ეყრდნობა ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში არსებული კომპანიების შეფასებას.

ცხადია, რომ ყველა ზემოხსენებულ სფეროს ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს, ამიტომ თითოეულ დარგში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები სასიკეთო გავლენას ახდენს, როგორც მომიჯნავე დარგზე, ისე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგად ფონზე.

.

რედაქტორის ბლოგი

წყარო: https://commersant.ge 

https://www.nbg.gov.ge, https://forbes.ge 

https://bag.ge

Recommend
Share
Tagged in
Translate »
× დაგვირეკეთ