საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ხელშეკრულება დაიდო

საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის გამტარი ქვეყანაა, ერთგვარი მედიუმი, რაც სავაჭრო -ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი პოზიციაა. ასე ვთქვათ, მსოფლიო რუკაზე საქართველოს არსობრივად მნიშვნელოვანი როლი აკისრია, როგორც სატრანზიტო-დამაკავშირებელ ქვეყანას.

საქართველოს მთავრობას „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულება 31 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლობით. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ტიპის აქტი განსაზღვრავს ორმხრივ ინტერესებს და სწორედ, ერთმანეთთან შეჯერებული პუნქტებით კომპლექტდება დოკუმენტი. მაგალითად, შეთანხმების საფუძველია სატვირტო გადაზიდვების გახორციელება, საავტომობილო გადაზიდვა/გადაყვანა, მიმოსვლის რაოდენობის რეგულირება და ა.შ.

საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმა, საერთაშორის სავაჭრო მიმართულებით, არსებითად მნიშვნელოვანია. ამა წლის 14 აპრილს საქართველოს მთავრობამ ორმხრივი ხელშეკრულება კიდევ ერთ ქვეყანასთან, ტაჯიკეთთან, გააფორმა-საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ.

საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია 1994 წლის 4 აგვისტოდან იწყება. ამ პერიოდიდან დღემდე წარმატებული თანამშრომლობის სფეროებად ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა სახელდება. ამ ფონზე მით უფრო მნიშვნელოვანია ზემოხსენებული ხელშეკრულება. ვინაიდან გამარტივებული მიმოსვლა ბევრად უფრო ხელს შეუწყობს და გააღრმავებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირს.

დოკუმენტი  ითვალისწინებს  სატვირთო გადაზიდვების შესრულებას ორმხრივ, სატრანზიტო/მესამე ქვეყნების/ქვეყნებიდან, მიმოსვლაში დასაშვები რაოდენობის ნებართვის საფუძველზე.  ამ ხელშეკრულების სამომავლო მოლოდინი, რა თქმა უნდა, პოზიტიური ცვლილებებია, რაც დადებითად უნდა აისახოს საქართველოს ეკონომიკაზე.

ავტორი: ქეთი ბიჭიკაშვილი

წყარო: http://www.economy.ge/?page=news&nw=1663 14.04.2021

Recommend
Share
Tagged in
Translate »
× დაგვირეკეთ