საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

  საქართველოსა და ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში პირველ იანვარს შევიდა. საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაეხსნა, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ქართველ მწარმოებლებს შეუძლიათ ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი ჩინეთის ბაზარზე  საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლებს ისეთი მნიშვნელოვანი ქართული პროდუქცია, როგორიცაა: ღვინო,  მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ხილბოსტნეული, თაფლი,  თხილი, ჩაი, სამკურნალო საშუალებები   და სხვა

მას შემდეგ რაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა, საქართველო გახდა რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთანაც აქვს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. 

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება პროდუქციაზე ტარიფების ლიბერალიზაციას გულისხმობს. ამ ხელშეკრულების მნიშვნელობას აორმაგებს ის ფაქტი, რომ ჩინეთის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დაწესებული შეღავათებით ისარგებლებს საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტებიც, რომელთა წარმოების მოცულობის ზრდა მოთხოვნის შემთხვევაში ძალიან რეალურია. 

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ბაზრის ათვისებასაც ხელს შეუწყობს. დაგეგმილ ჩინურ ინვესტიციებს შესაბამისად წარმოების ახალი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის შემოდინებაც მოჰყვება. ამან კი ხელი უნდა შეუწყოს ექსპორტის სტრუქტურის მოდერნიზაციას, გაჯანსაღებას, რაც ევროკავშირის მაღალ მსყიდველობითუნარიან ბაზარზე დამკვიდრების საფუძველი შესაძლოა გახდეს. ჩინელი ინვესტორებისთვის საქართველო ევროპასთან გეოგრაფიული სიახლოვის გამოც მიმზიდველია, ხოლო ევროპელი და სხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგად ცნობილია, რომ საქართველო ტრანს კასპიური დერეფნის შემადგენელი ქვეყანაა და ჩინეთთან მოკლევადიანი სარკინიგზო გადაზიდვებიც შესაძლებელია.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებში შესაძლებელია, რომ ინვესტორებმა საქართველოში ააშენონ საწარმოები და საქართველოში ნაწარმოები პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ასევე შესაძლებელია, რომ ევროპელმა, აზიელმა თუ ამერიკელმა ინვესტორებმა წარმოებები დააფუძნონ საქართველოში და ჩინეთის უდიდეს ბაზარზესაქართველოს გავლით მისი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაბამისად  შევიდნენ. ამ ორი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით საქართველო მრავალმხრივი ინტერესისი საგანი ხდება. გარდა იმისა, რომ ევროპელებს და ჩინელებს საქართველოს გავლით ერთმანეთის ბაზრებზე თავისუფალი წვდომა შეუძლიათ, ამ პროცესიდან საქართველოს სარგებელი არის ის გადასახადები, რასაც ინვესტორები საქართველოში გადაიხდიან. კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი სარგებელი კი  ისაა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქტების მძლავრი წარმოების პრეცენდენტები გაჩნდება.

წყარო: Eugeorgia.ingo

ავტორი: ზურაბ მოდებაძე

Recommend
Share
Tagged in