სოციალური ინვესტიცია-ფინანსური მოგება თუ საზოგადო სიკეთე?

Date

სოციალური ინვესტიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი ინვესტიციისგან, რომელსაც, კლასიკური გაგებით, კომერციული, ფინანსური მოგების დატვირთვა აქვს. მათ შორის სხვაობა გამოიხატება სტრუქტურულ მიდგომებში, მაგალითად, თუ ეკონომიკური ინვესტიციისთვის ამოსავალი წერტილი სწორი გათვლები, ჩადებული თანხის ერთიორად ამოღება და სარგებლის ნახვაა, სოციალური ინვესტიციისთვის მთავარი მამოძრავებელი იდეა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა, გლობალურ გამოწვევებზე პასუხის გაცემაა.

რა მნიშვნელობა აქვს დღეს სოციალური ინვესტიციების არსებობას და რომელი მიმართულებებში გვხვდება აღნიშნული ტიპის ინვესტირება?

დავიწყოთ იმ ფაქტზე ხაზგასმით, რომ სოციალური ინვესტიცია ეს არ ნიშნავს ფინანსურ მოგებაზე უარის თქმას, რა თქმა უნდა, კომერციული თვალსაზრისები ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელი ფაქტორებია, თუმცა პრიორიტეტი იმ განზრახვას ენიჭება, რის გამოც ეს ინვესტიცია ხორციელდება. მაშასადამე, ეს არის პროცესი, რომლის მოტივიც თანადროულად სოციალური პასუხისმგებლობა და ფინანსური მოგებაა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში ინვესტორები ეძებენ მინიმალურ ფინანსურ შემოსავალს, უპირატესობა აქვს მიზანს, რომელიც მოიაზრებს სოციალური და გარემოს დაცვისკენ მიმართული ინიციატივების აქტიურად გაჟღერებას.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში მწვავედ დგას გლობალური დათბობის, კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების, მწვანე საფარის გადარჩენისა და ა.შ. პრობლემები სოციალური ინვესტიციების როლი კიდევ უფრო იზრდება და მათი მნიშვნელობა ფართო მასშტაბს იძენს.

სწორედ აღნიშნულ გამოწვევებზე ფოკუსირების გამო, დიდი რესურსი იდება განახლებადი ენერგიების პოპულარიზაციასა და დანერგვაში, ემისიების შემცირებაში, ეკომეგობრული მრეწველობის ხელშეწყობაში და სხვა.

დღესდღეობით, სოციალური ინვესტიციების დიაპაზონი მრავლისმომცველია და არაერთი კუთხით წარმატებულად ვითარდება . განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ცალკეული თემების გაძლიერება, სამოქალაქო სერვისებზე წვდომა, ინკლუზიური სისტემების დანერგვა და ა.შ. რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ხდება.

სოციალურ ინვესტიციებს ინდივიდუალური და ინსტიტუციური ინვესტორები აკეთებენ და ფინანსურად, დაახლოებით მათი ნახევარი, ბაზრისთვის შესაბამის მოგებას გამოიმუშავებს. ეს სფერო უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ბევრმა ორგანიზაციამ თავისი საქმიანობა სწორედ სოციალური ღირებულებების ირგვლივ მიმართა. მაგალითად, „ინვესთედ დეველოპმენტი“ (Invested Development) საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც მხოლოდ სოციალურ ინვესტიციებს აკეთებს, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მობილური ტექნოლოგიები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები.

სოციალური ინვესტირების მიზეზშედეგობრივი ახსნიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო ფილანთროპიული აქტებისგან განსხვავებით, ასეთ პროექტებს გრძელვადიანი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია, რაც ასევე მთავარია, მას აქვს საზოგადო სახე, მისი მიზანი საყოველთაო პოზიტიური ზეგავლენის მოხდენაა სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებით.

რედაქტორის ბლოგი

წყარო:https://www.investopedia.com/, https://www.investopedia.com/