რას მოგვიტანს დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა?

Date

World Economic Forum logo

საქართველო  დავოსის 2022 წლის იანვარში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ქვეყანის წარმომადგენელი კი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. რას უნდა ველოდოთ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისგან?

 საერთაშორისო დონის ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქვეყნის სახელით გამოსულმა პირმა ფართო აუდიტორიის წინაშე სწორი გზავნილები გააკეთოს და ქვეყნის პოტენციალი ნათლად წარმოაჩინოს. ელიტური კონფერენციები, რომლებშიც ქვეყნის პირველი პირები და მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ყოველთვის იძლევა ქვეყნისთვის დადებითი შედეგების მიღების შანსს, კერძოდ, ეს კონკრეტული სარგებელი შეიძლება იყოს, უცხოური ინვესტიციების სახით.  ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები დიდი ინტერესით აკვირდებიან კონფერენციის ფარგლებში გაჟღერებულ ინფორმაციას, სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია მკაფიო, სანდო და სწორად აქცენტირებული თემების წამოწევა. სწორედ მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეს საფუძველი ახალი ეკონომიკური ურთიერთობების დაწყების, ან არსებული კავშირების გამყარების.  

ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოსთვის აღნიშნული ფორუმი ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. მათი განცხადებით საქართველოს პრემიერს შესაძლებლობა ექნება აღნიშნული პლატფორმა ქვეყნის ყველა პერსპექტივისა და დარგობრივი პოტენციალის წარმოსაჩენად გამოიყენოს. ჩვენი ქვეყნის წარდგენისას ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტორი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა იქნება. ექსპერტები ასევე საუბრობენ, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლზე. მათი აზრით, სწორედ ეს  იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც პრემიერ მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ინტეგრაცაიისთვის აღნიშნული თემა ბევრი ქვეყნისთვის საინტერესო და საგულისხმოა.

შეგახსენებთ, რომ  2022 წლის 17-21 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ოფიციალურად მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

,,მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება აუცილებელია თანამშრომლობის გზით მომავლის შენების რწმენის განსამტკიცებლად. ფორუმის მონაწილეები მადლიერნი იქნებიან, თუ ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ თქვენი ხედვა საქართველოში მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფის შესახებ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მჭიდროდ ითანამშრომლებს თქვენს აპარატთან იმისთვის, რომ თქვენი მონაწილეობა რელევანტური იყოს თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი, რომ პირადად გიმასპინძლებთ დავოსში“,  – აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

რედაქტორის ბლოგი

წყარო:https://commersant.ge/ge/, http://gov.ge/