2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა

Date

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში მშპ-ის ზრდის ტემპმა 9.6%, მთელი გასული წლის განმავლობაში კი 10.6% შეადგინა. დეკემბერში სამომხმარებლო ფასები 13.9%-ით, სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი კი 20.3%-ით გაიზარდა. გარდა ამისა 21%-ით 4553-მდე გაიზარდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 31.2%-ით 11.505 მლრდ ლარამდე. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

წლის განმავლობაში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 25.6%-ით $14.315 მლრდ-მდე გაიზარდა, მათ შორის ექსპორტი 26.9%-ით $4.242 მლრდ-მდე და იმპორტი 25.1%-ით $10.073 მლრდ-მდე.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოში ბოლოს 2007 წელს დაფიქსირდა. 15 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით 2021 წელს ზრდა, საბაზისო შესადარებელმა პერიოდმა, უფრო ზუსტად 2020 წლის 6.8%-იანმა ვარდნამ განაპირობა.

წყარო: https://commersant.ge/ge/, 2022-01-31 11:30:33