ახალი ცვლილებები “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში

Date

2022 წლის 01 იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. ახალი კანონის თანახმად, მეწარმეებს დაეკისრათ არაერთი ვალდებულება, რომელთა მიხედვითაც, ცვლილებებიდან 2 წლის ვადაში უნდა უზრუნველყონ მათ საწარმოში არსებული შიდაწყობილების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა. ცვლილებებმა სამეწარმეო საზოგადოებაში გარკვეულწილად დაბნეულობა გამოიწვია, შესაბამისად, აღნიშნული ბლოგის მიზანია სიახლეებთან დაკავშირებით უფრო მეტი სიცხადის შემოტანა.

  1. სადამფუძნებლო შეთანხმება

კანონის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების სახეებია: ინდივიდუალური მეწარმე; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს); კომანდიტური საზოგადოება (კს); შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს); სააქციო საზოგადოება (სს) და კოოპერატივი. სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება ზემოაღნიშნული სამეწარმეო საზოგადოებრივი სახეობით.

შესაბამისად, იმისათვის, რომ პირმა/ებმა სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ და სამეწარმეო საზოგადოება დაფუძნდეს, უნდა არსებობდეს სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოს (საჯარო რეესტრს) უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, რაზედაც ყველა დამფუძნებელი პარტნიორი აწერს ხელს. სადამფუძნებლო შეთანხმება მოიცავს წესდებას და სხვა სავალდებულო დოკუმენტაციას.

კანონით განსაზღვრულია, რომ სადამფუძნებლო შეთანხმება, წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს:

  • სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება ქართულად და ინგლისურად (რომელიც უნდა განსხვავდებოდეს უკვე რეგისტრირებული სხვა მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან, ასევე, არ უნდა იყოს სხვა იურიდიული პირის სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირებით (თუ ეს უკანასკნელი არ აცხადებს თანხმობას) ან საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან იმდენად მიმსგავსებული ფორმულირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა). ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ დაფუძნების მსურველმა პირმა/ებმა წინასწარ გადაამოწმონ მეწარმეთა რეესტრში შესაბამისი ან მსგავსი სახელწოდების მქონე სუბიექტების არსებობა;
  • იურიდიულ მისამართს (მისი ფიზიკური ადგილმდებარეობა საქართველოს ტერიტორიაზე ან სათავო ოფისი);
  • ყოველი პარტნიორის/დამფუძნელის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია, მაშინ მის საფირმო სახელწოდებას, საიდენტიფიკაციო კოდს და იურიდიულ მისამართს;
  • ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი – რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია საწარმოში არსებობდეს როგორც დირექტორი, ასევე, საწარმოს წარმომადგენელი პირი. განსხვავება ის არის, რომ დირექტორს ავტომატურად გააჩნია როგორც ხელმძღვანელობითი, ასევე, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო წარმომადგენელს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება არ გააჩნია, ასევე, რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობის შემთხვევაში, დამატებით უნდა განისაზღვროს ერთობლივად წარმოადგენენ სამეწარმეო საზოგადოებას თუ ერთპიროვნულად (ცალ-ცალკე);
  • სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირი, მისი ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, კერძო კომპანიები საჯარო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული პროგრამების ავტორიზებული მომხმარებელები ხდებიან. თითოეულ მათგანს უწყების ერთიან მონაცემთა ბაზაში შესვლის ინდივიდუალური ნებართვა ენიჭება. ბაზაში დაცული ინფორმაციის მოძიების გარდა, ავტორიზებულ მომხმარებლებს კლიენტების სახელით სარეგისტრაციოდ საბუთების წარდგენისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მარტივად მიღების შესაძლებლობაც აქვთ. კერძო კომპანიები პოტენციურ მომხმარებლებს ახალ მომსახურებას სთავაზობენ, რასაც მათთვის დამატებითი შემოსავლები მოაქვს. ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოების შემთხვევაში მიეთითება დამფუძნებელი პარტნიორის/დირექტორის სახელი გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა.

გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს დამატებით ვალდებულებებს:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სადამფუძნებლო შეთანხმება დამატებით უნდა შეიცავდეს იმ წილების ოდენობას, რომელიც გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ სამეწარმეო საზოგადოებას საზღაური (განთავსებული წილი), აგრეთვე კაპიტალში პარტნიორთა წილობრივ მონაწილეობას. ისინი გამოხატული უნდა იყოს პროცენტულად და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს.

ამ დროს მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ განთავსებული წილი და განთავსებული კაპიტალი. განთავსებული კაპიტალი (საწესდებო კაპიტალი) არის დაფუძნებისას საზოგადოების საწყისი კაპიტალის ფორმირება, რომელიც მხოლოდ სააქციო საზოგადოებისთვის არის სავალდებულო, ხოლო განთავსებული წილის ოდენობა, არის ის ოდენობა, რომელსაც შპს გასცემს პარტნიორებზე.

მაგალითი 1. როდესაც სახეზე გვაქვს ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება, ე.ი. შპს ან სს დაფუძნებულია ერთი პირის მიერ (ერთმა პირმა შეიძლება დაარსოს მხოლოდ შპს ან სს), შპს-ს მიერ გაცემულია 100 ცალი ოდენობის წილი საზღაურის სანაცვლოდ, რომელიც ცალკე გაიწერება, ხოლო სადამფუძნებლო შეთანხმებაში დამატებით მიეთითება შემდეგნაირად:

პარტნიორის სახელი გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართიიმ წილების ოდენობა რასაც ის ფლობს ე.ი. 100წილობრივი მონაწილეობა განთავსებულ კაპიტალში, რომელიც გამოიხატება პროცენტულად ე.ი. 100%;

მაგალითი 2. როდესაც შპს დაფუძნებელია ორი პარტნიორის მიერ ამ შემთხვევაში სადამფუძნებლო შეთანხმებაში მიეთითება, რომ გაცემულია 100 ცალი წილის ოდენობა და დამატებით მიეთითება:

ერთი პარტნიორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართიიმ წილების ოდენობა რასაც ის ფლობს ე.ი. მიეთითება 50წილობრივი მონაწილეობა განთავსებულ კაპიტალში, რომელიც გამოიხატება პროცენტულად ე.ი. მიეთითება 50%;
მეორე პარტნიორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართიიმ წილების ოდენობა რასაც ის ფლობს ე.ი. მიეთითება 50წილობრივი მონაწილეობა განთავსებულ კაპიტალში, რომელიც გამოიხატება პროცენტულად ე.ი. მიეთითება 50%

კანონით ასევე გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რომ შპს-მ სადამფუძნებლო შეთანხმებაში გაითვალისწინოს განთავსებული კაპიტალის მაქიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც შპს-ს შეუძლია მომავალში მიიღოს წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება ე.ი. ნებადართული კაპიტალი, ასევე, მიუთითოს დაფუძნების მომენტისათვის გამოშვებული წილების ოდენობის შესახებ და მათი ნომინალური ღირებულებების შესახებ.

ახალი დანაწესით შპს-ს მიენიჭა ის უფლებები, რაც ძველი კანონის რედაქციით მხოლოდ სააქციო საზოგადოებას გააჩნდა. ამგვარი შესაძლებლობა შპს-ში კაპიტალის მოზიდვას უფრო ამარტივებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული სავალდებულოა, როგორც ახალი სუბიექტის დაფუძნებისათვის, ასევე, უკვე რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებებისთვის. ამ უკანასკნელთა ვალდებულებაა 2 წლის ვადაში უკვე არსებული წესდება შეუსაბამონ ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებს და პარტნიორთა კრების ოქმით დაამტკიცონ ახალი წესდება, რომელსაც დაარეგისტრირებენ კანონით დადგენილი წესით.

ახალი კანონი გვთავაზობს სტანდარტული წესდების ცნებას. აქამდეც ძირითადად კომპანიების დაფუძნებისას მეწარმეები იყენებდნენ საჯარო რეესტრის სტანდარტულ შაბლონს. თუმცა, ახალი “სტანდარტული წესდება” არ შეიცავს შესაცვლელ ელემენტებს და მის გამოსაყენებლად მეწარმეები უბრალოდ მიუთითებენ რომ იყენებენ სწორედ სტანდარტულ წესდებას და არა თავიანთ წესდების ვერსიას. სტანდარტულ წესდებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი შინაარსი განსხვავდება სამართლებრივი ფორმების მიხედვით.

  • საქმიანი წერილი

კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების ყველა საქმიან წერილზე და ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი მონაცემები: საფირმო სახელწოდება (მაგ. შპს „ჯეოსილქროუდ“; იურიდიული მისამართი;  საიდენტიფიკაციო ნომერი.

კანონში საქმიანი წერილის ზუსტი დეფინიცია არ გვაქვს, შესაბამისად, შესაძლებელია რომ აღნიშნულს ფართო განმარტება მიეცეს, რომელიც გულისხმობს კომპანიის სახელით გამოცემულ ნებისმიერ წერილობით თუ ელექტრონულ დოკუმენტს, ხოლო უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის შემთხვევაში ყველა საქმიან წერილზე აგრეთვე მიეთითება ფილიალის მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის ნომერი. აღნიშნული ინფორმაცია ვებგვერდზე შესაძლებელა განთავსდეს კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციაში.

  • წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას ან ხელმოწერის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესრულებას.

ელექტრონული ხელმოწერის შესასრულებლად აუცილებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის არსებობა. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა სრულდება მხოლოდ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე, რომელსაც გასცემს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

  • სასამსახურო ხელშეკრულებ

მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ (რაც საკმარისია ხელმძღვანელი პირისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მისანიჭებლად) – პარალელურად შპს / სს / კოოპერატივს და ხელმძღვანელ პირს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. ასეთ ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები.

სასამსახურო ხელშეკრულების დადების ნებაყოფლობითობაზე კანონს მითითება არ აქვს, რაც მიანიშნებს იმაზე რომ ყველა შპს-ს და სს-ს აქვს გასაფორმებელი ასეთი სასამსახურო ხელშეკრულება. თუმცა, მისი არ გაფორმებისთვის კანონი სანქციას არ ითვალისწინებს.

სასამსახურო ხელშეკრულებაში გაიწერება ხელმძღვანელი პირის უფლება-მოვალეობები, ანაზღაურების წესი და სხვა. ეს ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

თუ სასამსახურო ხელშეკრულებაში არ არის მოცემული ინფორმაცია ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ანაზღაურების შესახებ, ივარაუდება, რომ იგი თავის საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს. ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება ავტომატურად იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ავტორი: იურისტი – ზურაბ კალაძე