ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე გაზარდა

Date

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე გაზარდა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ამის შესახებ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი. 

ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. წინა პროგნოზი, რომელიც სებ-მა 30 მარტს გამოაქვეყნა 3-4%-ის ფარგლებში მოიცავდა ზრდას. 

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ეროვნული ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. შესაბამისად, ომის ნეგატიურ ეფექტს სებ-ი მინუს 0.5 პროცენტული პუნქტით აფასებს.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნა.

“რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, განახლებული პროგნოზებით, 2022 წელს 4.5 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია. ინფლაციური რისკების მატების ფონზე, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2022 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი აღდგენის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, საომარი მოქმედებების ფონზე, ამ მიმართულებით რისკები მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 43 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები ანალოგიურ პერიოდში, წლიურად დაახლოებით 7.4-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (32 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც – 2022 წლის იანვარ-მარტში წლიურად 36 პროცენტით.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,”- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი, https://bm.ge/ka/article/erovnulma-bankma-ekonomikuri-zrdis-prognozi-45-mde-gazarda/108583/, 11.მაისი .2022 14:38

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin