ნარჩენების მავნე ზეგავლენა და მართვის შესაძლებლობები

Date

ნაგავსაყრელები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი თვალხილული პრობლემაა. რეგისტრირებული სივრცეების გარდა არსებობს სტიქიური ნაგავსაყრელები, სადაც მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. პოლიგონებზე დაუხარისხებელი ნარჩენების დაწვა კატასტროფული ზიანის მომტანია. პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკების დაწვის შედეგად გამოიყოფა შხამი, რომელიც აბინძურებს ჩვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყაროს, ჰაერს, რაც თავისთავად, უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. არადეგრადირებადი ნარჩენები კი გარემოს დაბინძურების ყველაზე დიდი რისკია. რა არის ნარჩენები და როგორი პოლიტიკაა საჭირო მის სამართავად? სწორედ ეს იქნება დღევანდელი ბლოგის თემა.

„ნარჩენები“ – ტერმინი მოიაზრებს ყველა იმ ნივთსა თუ ნივთიერებას, რომელსაც მესაკუთრე გამოუყენებელ მატერიად აღიქვამს და მის გადაგდებას აპირებს. არსებობს რამდენიმე ტიპის ნარჩენი, რომელიც შემდეგნაირად კლასიფიცირდება: საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამედიცინო, თხევადი, სამშენებლო, ცხოველური და სპეციფიკური.

მსოფლიო მოსახლეობა დღითიდღე იზრდება, რაც დამეთანხმებით, რომ შეუქცევადი პროცესია. ლოგიკურია, რომ ამ ფაქტის თანაფარდულად იზრდება საყოფაცხოვრებო/სამომხმარებლო წიაღისეულის გამოყენება, რაც თავისთავად მეტ  ნარჩენსაც გულისხმობს.  საკითხი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მწვავე და მასშტაბურია, ამიტომ ევროკავშირის ეგიდით შემუშავდა ნარჩენების მართვის პოლიტიკა, რომელიც ბევრ ქვეყანაში წარმატებით დაინერგა და სახელმძღვანელო დოქტრინად იქცა გარემოსდაცვის მიმართულებით. კონცეფციის მაგისტრალური ხაზი ნარჩენების თავიდან აცილება და მეორადი გადამუშავება – რეციკლირებაა. რაც მრავალმხრივ დადებითი შედეგის მომტანია, მაგალითად, პოტენციური ნედლეულის ათვისება, რაც ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით დიდი სარგებელია, ასევე, გარემოზე ზიანის შემცირება, რაც თითოეული ადამიანის  პასუხისმგებლობაა სამოქალაქო ჭრილში.

.ადრეულ პერიოდში, თუკი ნარჩენების დასახლებული პუნქტებიდან შორს გატანა  დამაკმაყოფილებელი მეთოდი იყო, დღეს მიდგომები რადიკალურად შეიცვალა, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვითა და გარემოს მოფრთხილების მოტივითაა განპირობებული.  საფრთხე, რომელიც ნარჩენებიდან მომდინარეობს ის უარყოფითი  ზეგავლენაა,  ატომსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით რომ გვხვდება.

 ზემოხსენებული ჩარჩო-კონცეფცია აგებულია იერარქიულ წყობაზე, რაც გულისხმობს სამოქმედო გეგმის  პრიორიტეტეტებად დალაგებას.

პრევენცია

ხელმეორედ გამოყენება

რეციკლირება

აღდგენა

განთავსება

ასეთია მოდერნიზებული მოდელი, რომელიც ნარჩენებს ღირებულ რესურსად განიხილავს და არა, როგორც თავიდან მოსაშორებელ, არასასურველ ტვირთს.  ევროკავშირის ჩარჩო დირექტივა წევრ ქვეყნებს ავალდებულებს ნარჩენების მართვის პოლიტიკის გახორციელებას,  რეციკლირების ხელშეწყობასა და ნარჩენების დახარისხებულად შეგროვების სისტემის დანერგვას , სულ მცირე, ქაღალდის, ლითონის, პლასტმასისა და შუშის ნარჩენების კლასიფიცირებას.

საქართველოში ნარჩენების პრობლემა მწვავეა, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება. თუმცა, აღნიშნული მიმართულებით დაწყებული რეფორმები და სასიკეთო ტენდენციები შეინიშნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ჩამოყალიბდა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, რომლის მისიაც საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა იქნება, რაც შედეგად ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

რედაქტორის ბლოგი

წყარო: https://www.greenchoices.org/green-living/waste-recycling/environmental-impacts https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/45497

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin