რა განსხვავებაა კონკურენციასა და მონოპოლიას შორის?

Date

ბაზარი მისი სრულმასშტაბიანი გაგებით გაცვლა-გამოცვლის, ყიდვა -გაყიდვის ფართო კომერციული არეალია, რომლის ფარგლებშიც წარმოებასა და მომსახურებას შორის სავაჭრო კავშირი მყარდება.

საბაზრო ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი და მასტიმულირებელი ძალა კი კონკურენციაა. კონკურნტული ბაზრის პირობებში  ერთი და იგივე, ან მსგავსი საქმიანობის, ორ ან მეტ სუბიექტს შორის აქტიური შეჯიბრია  გარკვეულ ასპარეზზე უპირატესობის მოსაპოვებლად. აღნიშნული პროცესი კი მეწარმეს აიძულებს მეტოქეობრივ რეჟიმში ჩაერთოს, რაც ავტომატურად ნიშნავს საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების განვითარებაზე ფიქრს, ეფექტიანობის გაზრდას, ხარისხის ნიშნის მოპოვებას, ინოვაციების დანერგვას და ა.შ.  მაღალკონკურენტული ბაზარი ერთმნიშვნელოვნად პროგრესისა და სავაჭრო ინდუსტრიის განვითარების მაუწყებელია.

 მაშასადამე, კონკურენცია ბაზარზე ხარისხისა და ფასის განსაზღვრის მთავარი ინსტრუმენტია. მაგალითისთვის, განვიხილოთ მობილური ტელეფონების წარმოება. დღესდღეობით მსოფლიოში არაერთი ბრენდი იბრძვის ბაზარზე უპირობო პირველობისთვის, სერიიდან სერიამდე აუმჯობესებს ტექნიკურ მონაცემებს, ზრდის ხარისხს, ცდილობს ისეთი შტრიხებისა და სიახლეების დამატებას რაც ჯერ აქამდე არცერთ წარმოებას არ გაუკეთებია. გამოდის რომ კონკურენცია ბაზარზე ბუნებრივად აყალიბებს ხარისხზე მოთხოვნას, ასევე ბუნებრივად ხდება ფასის რეგულირებაც.

 ახლა კი წარმოვიდგინოთ რომ ბაზარზე არსებობს ერთი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია, რომელიც არცთუ ისე ვარგის პროდუქციას უშვებს, თუმცა მომხმარებელს არ აქვს არჩევანი და კმაყოფილდება იმ წარმოებით რასაც ეს ერთადერთი კომპანია სთავაზობს. ამიტომ რეალიზების პრობლემაც არ ექმნება კომპანიას, რაც ზედმეტ საფიქრალს არ უჩენს წარმოების ნაკლოვანებებზე დასაფიქრებლად. საქონლის საბაზრო ღირებულებაც სრულიად დამოკიდებულია მეწარმე სუბიექტზე, ვინაიდან უკონკურენტო გარემოში ოპერირებს, იგი ღირებულების მინიჭებისას ანგარიშს არ უწევს ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. მაშინ როდესაც ერთ კონკრეტულ წარმოებას ან მომსახურებას ბაზარზე არ ჰყავს ჩამნაცვლებელი, კონკურენტი სუბიექტი ასეთ საბაზრო მოცემულობას მონოპოლია ეწოდება.

რა არის მონოპოლია და როგორ მოქმედებს ის ბაზარზე?

როდესაც კომპანია ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას და ბაზარზე საკუთარ სფეროში არ ჰყავს მეტოქე მისთვის განვითარებაზე ორიენტირება უმოტივაციოა. ერთი შეხედვით ისედაც ყველაფერი რიგზეა, ამიტომ ხარისხის განვითარება დროისა და ფინანსების ტყუილ ფლანგვად ეჩვენება. წარმოებაზე საბაზრო ღირებულებასაც თავად აწესებს, რაც კონკურენტულ ფასთან შედარებით მაღალია. მაღალი ფასი პროდუქციაზე მოთხოვნას დაბლა სწევს, ვინაიდან მომხმარებელს მასობრივად  ხელი არ მიუწვდება დაწესებულ საფასურზე ამიტომ წარმოებაზე მოთხოვნაც დაბალია. თუმცა აქ გამონაკლისია ისეთი შემთხვევევბი, როდესაც მონოპოლიური ძალაუფლება აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობის წარმოებაზე/მომსახურებაზე. მაგალითად, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების კომპანიებს. ასეთ დროს მომხმარებელს პროვაიდერის არჩევის შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა ვერც უარს იტყვის მის გამოყენებაზე, საჭიროებიდან გამომდინარე, ამიტომ უწევს დათანხმდეს მიმწოდებლის პირობებსა და საფასურს.

ცხადია ის განსხვავება რაც კონკურენტულ ბაზარსა და მონოპოლიას შორისაა. კონკურენტული ბაზარი თავისუფალია და მოთხოვნა-მიწოდებასთან თანმიმდევრული, ხოლო მონოპოლიის დროს სექტორზე დომინანტურად პოზიციონირებს ერთი კონკრეტული კომპანია, რადროსაც შესაძლებელია მოხდეს ბაზარზე წარმოების ხელოვნური დეფიციტის შექმნა, ფასების ზრდა, უხარისხო პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებლის უალტერნატივოდ დატოვება.

წყარო:https://www.investopedia.com/,https://www.investopedia.com/