საგარეო ვაჭრობა- საქართველო

Date

მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისა  და გლობალიზაციის ტემპებმა ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება კიდევ უფრო გააძლიერა და გააღრმავა. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, საგარეო ვაჭრობის როლი, მსოფლიო ეკონომიკის სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის, დღითიდღე უფრო მზარდი და გადამწყვეტია.

ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, ასევე პრეფერენციული და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედია. დღესდღეობით, როდესაც სახელმწიფოთა შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები უფრო და უფრო მჭიდროვდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია. ამიტომ თავისთავად ცხადია, ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობის განმტკიცებისკენ მიზანსწრაფვა, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ ჭრილში.

საქართველოს მსოფლიო ეკონომიკის სივრცეში აქტიური ჩართულობისთვის, მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს. საერთაშორისო ურთიერთობების, კერძოდ, კი საგარეო ვაჭრობის ხელშესაწყობად ბევრი რეფორმა გატარდა, რაც სწორი და სტრატეგიული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიებებას ემსახურებოდა.

მაგალითად, საქართველოს მთავრობამ განახორციელა, როგორც სატარიფო პოლიტიკის, ასევე ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს დღეისათვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას.

საქართველოში მოქმედი სავაჭრო რეჟიმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები კიდევ უფრო ამარტივებს მსოფლიოს ეკონომიკურ ბაზარზე ქვეყნის ინტენსიურ ოპერირებას. უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შქმნის შესახებ  (DCFTA) შეთანხმება, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი დიდი წარმატებაა.

რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ აღნიშნული გარემოება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და გაძლიერებას. წლევანდელი შედეგები საერთაშორისო სასაქონლო ბრუნვის მიმართულებით დამაიმედებელია. „საქსტატის“ მონაცემებით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში $10 მილიარდს გადააჭარბა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 22.3%-ით გაიზარდა. $2.9 მილიარდამდე, 24%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, ხოლო იმპორტი 21.6%-ით, $7 მილიარდამდე გაიზარდა.

ამავე ანგარიშის თანახმად, დასახელდა საქართველოს სამი უმსიხვილესი სავაჭრო პარტნიორი: თურქეთი ($1.48 მილიარდი), რუსეთი ($1.14 მილიარდი) და ჩინეთი ($1.07 მილიარდი).

თვალსაჩინოა, რომ საგარეო ვაჭრობა ექსპორტ-იმპორტის პროცესით ეკონომიკური თვალსაზრისით ნაყოფიერი და მომგებიანია. წარმოების გაცვლა-გამოცვლისთვის საზღვრების გახსნა და გამარტივებული პოლიტიკა თავისთავად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზოგად ფონზე.

რედაქტორის ბლოგი

წყარო:http://www.economy.ge/, https://businessformula.ge/News

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin