საქართველოს როლი აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე (დიალოგი და განვითარება)

Date

შესავალი

ბლოგს შეკითხვით დავიწყებ: და მაინც, რატომ უნდა დავინტერესდეთ პატარა სახელმწიფოთი სახელად “საქართველო”?   შევეცდები მომდევნო გვერდებზე მკაფიოდ ვუპასუხო ჩემ მიერ  დასმულ კითხვას. მოკლე პასუხი მდგომარეობს შემდეგში: საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში International Crime Index-ის მიხედვით მე-7 ადგილზეა, ხოლო ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში  მე-12 ადგილს იკავებს. ქვეყანა განსაკუთრებულად მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსით – ტყეებით, მანგანუმის, რკინის, ოქროს, სპილენძის, ქვანახშირის საბადოებით, ნავთობის მცირე მარაგებით, რომელთა დამუშავებისთვის ინვესტორების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, აუთვისებელი რჩება წყლის რესურსები, რასაც უზარმაზარი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც ქვეყნისთვის, ასევე პოტენციური ინვესტორებისთვის. ამასთანავე, მსოფლიოს რუკაზე საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა  პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მის ტერიტორიაზე გადის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფანი.

ახლა კი შევეცდები ეს ქვეყანა სხვა კუთხითაც დაგანახოთ. საქართველო პატარა, მრავალფეროვანი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ ისეთი საინტერესო ფაქტებია ცნობილი, როგორიცაა მისი უნიკალური ანბანი, ენა, რომელიც სრულიად განსხვავებულ ენათა ჯგუფს წარმოადგენს, მას ქართველური ენათა ჯგუფი ეწოდება. იგი არ მიეკუთვნება არც სემიტურ, და არც ინდოევროპულ ოჯახებს,  თუმცაღა, ამჯერად ჩემი განსახილვევლი თემა სულ სხვა რამეა. ესაა საქართველოს სამომავლო პოტენციალი წარსულისა და აწმყოს გათვალისწინებით და ქვეყნის მნიშვნელობა აზიისა და დასავლეთისთვის როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ კონტექსტში.

საქართველომ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ისევ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა საქართველოს ისტორია და გეოპოლიტიკური საჭიროება ძალიან ღრმა წარსულში იღებს სათავეს. სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის სახელმძღვანელოებში  საქართველოს შესახებ უამრავი ჩანაწერია,  რომ ის მსოფლიო ცივილიზაციების გზაჯვარედინს წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში. მართლაც, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე საქართველო მდებარეობს ამ რეგიონის ცენტრალურ ნაწილში და, შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ცივილიზაციებისთვის საქართველო ყოველთვის ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს. საქართველოთი დაინტერესებული იყო ძველი საბერძნეთი, რომის იმპერია, ბიზანტია, სასანიანთა ირანი, არაბთა სახალიფო, მონღოლთა იმპერია, ოსმალეთი. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოს როლს დიდი პოტენციალი გააჩნია.

გეოგრაფიული მნიშვნელობა

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს კვეთდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტი, რომელსაც „აბრეშუმის გზა“ ეწოდებოდა. იგი ერთმანეთს აკავშირებდა აზიასა და ევროპას, გადაჭიმული იყო ჩინეთიდან – ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოებამდე. ამ გზას კი უერთდებოდა სასანიანთა ირანი, არაბთა სახალიფო და ა.შ.. დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს ამ გზის აღდგენის გეგმის განხილვა, რაშიც საქართველოს მთავრობაც იღებს მონაწილეობას. ამის მაგალითია 2019 წელს ქალაქ თბილისში გამართული „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც მსოფლიოს 60 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს დღეს არ გააჩნია მნიშვნელოვანი ურთიერთობები ამ ქვეყნებთან. 2014 წლისთვის ჩინეთმა 217 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა საქართველოში; ასევე მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს ინდოეთსა და საქართველოს. ცნობისთვის, ინდოეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა 1991 წლის 26 დეკემბერს. ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ორიოდე სიტყვას ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამომავლო პროექტს დავუთმობ“

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი, რომლის აშენებაც დაიგეგმა საქართველოს მთავრობის მიერ. ეს იქნება შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მასშტაბური პორტი, რომელიც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააძლიეროს საკუთარი პოზიცია, როგორც მთავარი რეგიონალური ჰაბი და კიდევ უფრო განიმტკიცოს მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობა ახალ აბრეშუმის გზის პროექტში. ყველაზე პესიმისტური პროგნოზითაც კი პორტი მოიზიდავს 600,000 გემის კონტეინერს ყოველწლიურად. პორტი მიიღებს ბოსფორზე გამავალ ყველაზე დიდ გემებს. საქართველო განამტკიცებს საკუთარ დამოუკიდებლობას საერთაშორისო ასპარეზზე, ევროპელებისთვის კი ახალი პორტი შექმნის ალტერნატიულ დერეფანს, რომელიც უპრობლემოდ დააკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სავაჭრო გზებს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან თავისუფალი, მჭიდრო და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული დიპლომატიური ურთიერთობები როგორც აზიის ქვეყნებისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. 

აგრარული  შესაძლებლობები:

რაც შეეხება ზემოხსენებულ ბუნებრივ რესურსებს,  ამ თემაზე საუბარს ისე ვერ დავასრულებდი, რომ არ მოვიხსენიო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი, რომელსაც ახალი აბრეშუმის გზა და ანაკლიის პორტი უფრო მეტად გააფართოვებდა. საქართველო გამოირჩევა უხვმოსავლიანობით. საქართველოს მიწაზე ნაყოფიერად კულტივირდება უამრავი სახეობის ხილი, ციტრუსი, ბოსტნეული, თხილი, თუ კენკრა. თითქმის არ არსებობს კუთხე-კუნჭული საქართველოში, რომლის მიწაც არაა უხვმოსავლიანი, ხოლო მოყვანილი პროდუქცია განსაკუთრებით გემრიელია. სამწუხაროდ, ეს უმნიშვნელოვანესი რესურსი არ არის ბოლომდე ათვისებული. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია სამუშაო რესურსების 39%. წარმატებული აგროკულტურის წინაპირობა მდგომარეობს არა ადამიანურ რესურსებში, არამედ ტექნოლოგიებში. სამწუხაროდ, 2018 წლის მონაცემებით  ზემოხსენებული არაპროდუქტიული მიწის დამუშავების გარდა, მიწების 33% საერთოდ არაა დამუშავებული. ამავდროულად კი გვაქვს ნიდერლანდების მაგალითი, რომელიც საქართველოზე 1.7-ჯერ პატარაა, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორი ინვესტირებისა და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად გახდა მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი საკვების ექსპორტიორი ქვეყანა აშშ-ს) შემდეგ. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოცულობით უფრო მეტი დასამუშავებელი მიწების ფონზე, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.

რატომ სჭირდება აზიას საქართველო? (ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტში)

„ენტრეპოტი“[1] – ეს სიტყვა, შესაძლოა, ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ. ფაქტობრივად,  მას დიდი მნიშვნელობა გააჩნდა წარსულში და გააჩნია დღესაც. ენტრეპოტი არის პორტი ან ქალაქი, რომელსაც უჭირავს ცენტრალური ადგილმდებარეობა რეგიონში და ემსახურება უცხოელ ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს. ენტრეპოტები მუდმივად იყო გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი, იგი ხელს უწყობდა ლოჯისტიკას და ინფორმაციის გაცვლას უცხოურ სავაჭრო პარტიორებს შორის. ასეთი შუამავლები საჭირო იყო და არსებობდა როგორც ძვ.წ. 2000 წელს, ასევე დღესაც. ალბათ იკითხავთ, რატომ ვცდილობ, დაგაინტერესოთ ამ არც თუ ისე გავრცელებული სიტყვის განმარტებით ჩვენს სტატიაში? პასუხი მარტივია! საქართველოს ენტრეპოტობისთვის ყველა მახასიათებელი გააჩნია, ამასთან ერთად, იგი დიდი ხანია ასრულებს ამ როლს.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) „ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების“ უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს უკანასკნელი კი საქართველოს ევროპასთან დაახლოებას უზრუნველყოფს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს უმარტივესად შეუძლია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან განახორციელოს ვაჭრობა. ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებებისა და გადასახადების გარეშე შესაძლებელია დიდი ოდენობის ტვირთის სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო გზით ვაჭრობა. ასევე, საქართველოსა და ინდოეთის მთავრობებმა ჩაატარეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიხედვით ამ ხელშეკრულების დადება საკმაოდ მომგებიანია და ახლო მომავალში განხორციელდება.[2] საქართველოს აქტიური სავაჭრო ურთიერთობები გააჩნია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებთან, რომელთანაც ასევე დადებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. ასეთი ხელშეკრულებები, გეოგრაფიული მდებარეობა და ახლო დიპლომატიური ურთიერთობები სახელმწიფოებთან რეგიონში, საშუალებას აძლევს საქართველოს ითამაშოს მედიატორის როლი, პასუხისმგებლობა აიღოს მოლაპარაკებების წარმოებისას, ლოჯისტიკურ საქმეებში და განახორციელოს დიდი რაოდენობით რეექსპორტი – შეიძინოს პროდუქცია ერთ ქვეყანაში და გაყიდოს მეორეში, ან/და უბრალოდ დაეხმაროს კომუნიკაციაში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს.  აღსანიშნავია, რომ რეექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში საკმაოდ მაღალია და იგი მერყეობს 28%-დან – 48%-მდე; იგი ყიდულობს სხვადასხვა ტიპის საქონელს ევროპაში და ყიდის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირანი, რუსეთი, ან ყიდულობს იაპონიაში და ექსპორტირებას ახდენს მეზობელ სახელმწიფოებში – სომხეთსა და აზერბაიჯანში და ა.შ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია, საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში ამ თვალსაზრისითაც გაიზარდოს, რათა მოხდეს ამ სფეროში მისი პოტენციალის სრულყოფილად ათვისება.

გარდა გეოგრაფიული მნიშვნელობისა, რაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან ისედაცაა კავშირში, საქართველოსთვის აუცილებელია მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობები აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან. 

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთისა (middle east) და აზიის რეგიონში უამრავი კონფლიქტია – ზოგი მოკლევადიანი და დასრულებული, ზოგიც გრძელვადიანი ან/და გაყინული. ასეთ შემთხვევაში, გამოსავალზე ორიენტირება ყველაზე მნიშვნელოვანია. კონფლიქტების გადაჭრის გზა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებსა და დიალოგზე გადის. ხშირად ამ მოსაზრებას მოაზროვნეები სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ ამის ნათელი მაგალითია ევროპა. ალბათ, სხვა სამყაროდან მოსული ადამიანი ძნელად თუ დაიჯერებდა, რომ ასეთი მშვიდობისმოყვარე ევროპა, სადაც ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ისე კვეთენ საზღვრებს, თითქოს მეზობელ დასახლებაში მისეირნობენ, სულ რაღაც გასულ საუკუნეში უზარმაზარი ომები, დაპყრობები და დაპირისპირება გადაიტანა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მრავალი სახელმწიფო ცდილობდა თვითდამკვიდრებასა და გადარჩენისათვის ბრძოლას. ომმა გარდა ეკონომიკური და პოლიტიკური სავალალო შედეგებისა, მსოფლიოს მოუტანა 125 მილიონი ადამიანის განადგურება. ამ ყველაფრის შემდეგ ევროპამ გადაწყვიტა, რომ ომები წარსულს უნდა ჩაებარებინა და ეზრუნა მომავალზე, მიხვდა, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიღწეული წარმატება ხელს უშლის მეზობლებს ერთმანეთთან მშვიდობიან ურთიერთობებში და ადრე თუ გვიან შურისძიების სურვილი ისევ ღვივდება. კონფლიქტის მოგვარებაში მთავარ როლს თვითონ სახელმწიფოები ასრულებენ. ამის დასტურია 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხის უნივერსიტეტში წარმოთქმული უინსტონ ჩერჩილის სიტყვა, რომლის მიხედვითაც, მათ უნდა დაესრულებინათ ყველანაირი შურისძიება და დამნაშავეების გასამართლების შემდეგ, თითოეული ქვეყანა ერთმანეთს უნდა დახმარებოდა აღორძინებაში, მათ შორის გერმანიასაც. ასეც მოიქცნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა ევროპის მშვიდობიან ცხოვრებას, რომელიც დღემდე გრძელდება.

გარდა კონფლიქტებში მონაწილე სახელმწიფოებისა, „შემრიგებლის“ როლს ხშირად ნეიტრალური სახელმწიფოებიც ასრულებენ, როგორიცაა, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარია, შვედეთი, პორტუგალია და კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რიგ შემთხვევაში, ჩვენს რეგიონში, საქართველოს ყველანაირი რესურსი გააჩნია ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ამის წარმატებული მაგალითია სულ ახლახანს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩატარებული სამშვიდობო მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. შორის. 2020  წლის სექტემბერში აშშ-ს პარტნიორობით, საქართველოს მთავრობის ფასილიტატორობის მხარდაჭერითმოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შრის ტქყვეების გაცვლის თაობაზეშეთანხმების მიღწევა.[3]

ამჟამად ასეთი კონფლიქტები მრავლადაა მსოფლიოში, განსაკუთრებით  აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. მუდმივი დაპირისპირებაა ისრაელსა და ირანს, პროქსი დაპირისპირება ირანსა და საუდის არაბეთს, ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რომელსაც ხშირად დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირების ეპიცენტრადაც მოიხსენიებენ. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ისეთი ნეიტრალური ქვეყნის შერჩევა, რომელსაც აქვს მედიაციის გამოცდილება და მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები კულტურულად თუ რელიგიურად განსხვავებულ სხვადასხვა ცივილიზაციებთან – საქართველოს გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები 185 ქვეყანასთან. საქართველოს უპირატესობა ისიცაა, რომ,  საერთაშორისო ასპარეზზე ზოგიერთი ქვეყნის ნაკლებად კარგი რეპუტაციისა მიუხედავად, ყველა მათგანთან შეუძლია ისე შეინარჩუნოს საიმედო სავაჭრო თუ პოლიტიკური ურთიერთობები, რომ მეორე უფრო დიდი, სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა არ გაანაწყენოს. საქართველო დაპირისპირებული მხარეების შუაგულში მდებარე ქვეყანაა, რომელიც განთქმულია მისი კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით. მიუხედავად იმისა, რომ სეკულარულ სახელმწიფოში რაოდენობის მიხედვით მაინც ქრისტიანობაა დომინანტური, აქ მრავლად არიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებიც. ქვეყანაში 300-მდე მუსლიმური მეჩეთია, აქ ასევე შეხვდებით სინაგოგებს თუ სხვა რელიგიური უმცირესობების სალოცავ ადგილებს. ეს კი ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეების ეროვნულ ფსიქოლოგიაში ნებისმიერი ეროვნება, რელიგიური მრწამსი თუ მსოფლთმხედველობა არის  მისაღები და პატივსაცემი. ფასილიტატორი სახელმწიფო კი ამ პირობას ცალსახად უნდა აკმაყოფილებდეს.

როგორც აღვნიშნე, ნდობაზე დაფუძნებული დიპლომატიური ურთიერთობები გასაღებია თითოეული კონფლიქტისა თუ პრობლემის გადაჭრის გრძელ გზაზე, თუმცა კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედონ (სახელმწიფოებთან შედარებით) პატარა მოთამაშეებმა ამ მიზნის მისაღწევად?

ახალი ინსტრუმენტები საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში

გასულმა საუკუნემ და განსაკუთრებით კი ახლანდელმა, ნათლად დაგვანახა, რომ დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები განიცდიან ტრანსფორმაციას, რომელიც მოიცავს ახალი მექანიზმების, ინსტრუმენტების, პროცესებისა და ნორმების გავრცელებას მსოფლიოში. საწყის ეტაპზე ბიზნეს (სავაჭრო) პალატები. სხვადასხვა არასამთავრობო ეკონომიკური ორგანიზაციები აახლოებენ ერთმანეთთან სხვადასხვა ქვეყნის მეწარმეებს, ბიზნესმენებსა, თუ ინვესტორებს, რაც შემდგომში ხელს უწყობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.  შემდეგ ეტაპზე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციები წარმოადგენენ ხიდსა და საკომუნიკაციო არხს როგორც საზოგადოებებსა და მთავრობებს, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარების დროსაც. კაპიტალიზმისა და თავისუფალი ვაჭრობის გავრცელება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით, როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ქმნის ღია, ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებულ საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემას. ეს მდგომარეობა ორმხრივად მომგებიანია, რადგანაც სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის მაღალი დონე ამცირებს კონფლიქტების და საომარი მოქმედებების წარმოშობის რისკს. როგორც ცნობილია, ომი  ვაჭრობიდან სარგებლის მიღების ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორია, ვაჭრობა კი ქვეყნის განვითარების საწინდარია.  სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რაც, რა თქმა უნდა, თითოეულ სახელმწიფოს გააჩნია, საქართველო და მისისხვადასხვა არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციები მიზნად ისახავენ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ამგვარი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. ერთ-ერთი ასეთი საკვანძო ორგანიზაციაა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა, რომელიც ორიენტირებულია ხსენებულ ქვეყნებთან მუშაობაზე.

ამის მკაფიო მაგალითია, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ორგანიზებით 2022 წლის 21 მარტს დაგეგმილი ფესტივალი სახელწოდებით „გაზაფხული აბრეშუმის გზაზე“. . მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ფესტივალის სტუმრები იქნებიან აბრეშუმის გზის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები – საელჩოები. ღონისძიება საშუალებას მისცემს ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ წარმოაჩინონ საკუთარი კულტურა,  ეკონომიკური პოტენციალი, გაუზიარონ ერთმანეთს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის შესაძლებლობები ქვეყნებს შორის.

მართალია, ჩემი ბლოგი ცოტა არ იყოს, გრძელი გამოვიდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩემ მიერ დასმული პირველი კითხვა ისევ გახსოვთ: „და მაინც, რატომ უნდა დავინტერესდეთ პატარა სახელმწიფოთი სახელად „საქართველო“? – პასუხი ვრცელია, არგუმენტები კი უამრავი, მაგრამ ლაკონიურად ასე შემიძლია ვუპასუხო საკუთარ თავს: ეს ქვეყანა ყველა ადამიანს მისცემს საკუთარი, ჯერ აუსრულებელი, თუ სამომავლო გეგმების განხორციელების შესაძლებლობას; თავგადასავლების მოყვარული ტურისტი ბიუჯეტურად აღმოაჩენს სხვადასხვა ადგილს, დაწყებული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებით, დამთავრებული ზამთრისა და ზაფხულის ულამაზესი კურორტებით; დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით და სათავისოდ გამოიყენონ იგი, რა თქმა უნდა, ურთიერთიერთსარგებლიანობის მოტივით, ხოლო ინვესტორებს – დაინტერესდნენ და შეისწავლონ საქართველოში არსებული იაფი და თავისუფალი ბიზნეს-გარემო და მრავალი შესაძლებლობები.  ევროპისა და აზიის, ქრისტიანულ და მუსლიმურ სამყაროებს შორის მდებარე პატარა ქვეყანა მუდამ იყო სასიცოცხლო რგოლი ფიზიკურად, ეკონომიკურად თუ ინტელექტუალურად აღმოსავლეთისა და დასავლეთისათვის. გლობალური ვაჭრობისა და ახალი ბაზრების აღმოცენებით ცენტრალურ აზიაში კი საქართველო შესაძლოა გახდეს საკვანძო ფაქტორი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საქონლის, ადამიანური რესურსებისა, თუ ინფორმაციის გაცვლისთვის. თავად საქართველო კი მზადაა, რომ თავისი ბუნებრივი, აგრარული თუ ადამიანური რესურსებით განავითაროს საკუთარი თავი და ამასთანავე შეიტანოს წვლილი მსოფლიო წყობის გაუმჯობესებაში.

ავტორი: დავით ცირდავა


წყარო: https://en.wikipedia.org/, http://www.economy.ge/?, https://www.euractiv.com/, https://imedinews.ge/ge/

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin