აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3 % გაიზარდა

Date

საქართველოს  სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა   ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.  ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10.3%-ით არის გაზრდილი,  2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში კი საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 12% შეადგინა. ამასთან, ანგარიში პასუხობს ისეთ  მნიშვნელოვან კითხვებს, როგორებიცაა: რამ განაპირობა ეკონომიკის ზრდის აღნიშნული ტემპი, რომელი დარგების ზრდა- განვითარების ტენდენციები შეინიშნება და პირიქით, რომლის- კლების.

საქსტატი

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნებული სტატისტიკის შედეგები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ცალსახა მაჩვენებელია. გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. „ეკონომიკური ზრდის შედარებას ვახდენ არამხოლოდ 2020 წელთან, რომელიც მართლა ნეგატიური და მძიმე იყო, არამედ პანდემიამდელ ძალიან წარმატებულ წელთანაც. მაგალითად, 7 თვის ზრდა რაც იყო 12.2%, ეს 7%-ით მეტია ვიდრე 2019 წლის ზრდა. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შარაშანდელი ჩავარდნა, არამხოლოდ სრულად განულებული იქნება, არამედ ძალიან მაღალ პოზიტიურ ტრაექტორიას დაუბრუნდება“, – განმარტა მინისტრმა. ეკონომიკის ზრდის წლევანდელ პოზიტიურ შედეგებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანადაფინანსების პროექტებსა და ბიზნესისთვის ხელშემწყობ პროგრამებს უკავშირებს. მან, ასევე, დააანონსა მომავალი  წლის სამთავრობო პოლიტიკა ეკონომიკის მიმართულებით.  „2022 წლიდან მთავრობა უფრო მასშტაბური პროგრამების განხორციელებას იწყებს, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება“- განაცხადა პრემიერმა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გამოიკვეთა ის დარგები, რომლებშიც ზრდა შეინიშნება. მაგალითად, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები.

კლების ტენდენცია კი მშენებლობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში იკვეთება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანი და შესამჩნევი პროგრესია საგარეო ვაჭრობის კუთხით. იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 22.3%-ით $8.684 მლრდ-მდე, მათ შორის ექსპორტი 26%-ით $2.611 მლრდ-მდე და იმპორტი 20.7%-ით $6.073 მლრდ-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატმა ანგარიში 30.09.2021 გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალია.

რედაქტორის ბლოგი

წყარო: https://www.geostat.ge/ https://commersant.ge/ge/