Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ანგარიშის თანახმად საქართველო მოწინავე პოზიციაზე, მე-5 ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით სამი ერთეულით დაწინაურებას ნიშნავს. რაზე მეტყველებს ეს ანგარიში და რა მოლოდინები შეიძლება გაგვიჩნდეს სამომავლო პერსპექტივაში?
რეიტინგი შედგენილია ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების მიხედვით, როგორებიცაა: „მთავრობის ზომა“ ; „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“; ტრანსფერები და სუბსიდიები; სასამართლოს დამოუკიდებლობა; საკუთრების უფლებების დაცვა; ტარიფები და ა.შ. პირველ სამ პუნქტში, წინა წელთან შედარებით, შეფასების ქულა შესამჩნევადაა გაზრდილი. მაშასადამე, აღნიშნული ანგარიში მეტყველებს საქართველოში რეფორმების სწორ ვექტორზე, რაც მიმართულია ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობასა და გამარტივებისკენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს უმაღლესი შეფასება, 10 ქულა, აქვს შემდეგი მიმართულებებით: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა;ფინანსური გახსნილობა; კომერციული ბანკების ფლობის თავისუფლება; უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლის თავისუფლება; სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.
სწორედ ზემოხსენებულ პრინციპებზე დაყრდნობით საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მე-5 ადგილი მიენიჭა.
გლობალიზაციის პირობებში, როდესაც სახელმწიფოთა შორის საქმიანი/პარტნიორული ურთიერთობები ბევრად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, ეკონომიკური თავისუფლება კიდევ უფრო ფასეული ინდიკატორია მსოფლიო რუკაზე. ვიანიდან, ის კომპონენტები, რომლებიც ქვეყნების რეიტინგს განსაზღვრავს, საზომია პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხის. ამრიგად, რეიტინგი ერთგვარი გზამკვლევია საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულებით_ ეს იქნება თავისუფალი სავაჭრო ბაზარი თუ ინვესტიციების მიმოქცევა.
ცხადია, რომ ანგარიშში წარმოდგენილ 165 ქვეყანას შორის, საქართველოს მსოფლიოს ლიდერთა ათეულში ხილვა ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის საფუძვლიან ნიადაგს ჰქმნის .
ამასთან, ბიზნესსაქმიანობის გამარტივება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა ზრდის ეკონომიკური წარმატების შანსს შიდა თუ საერთაშორისო დონეზე, რაც ზოგადი, საყოველთაო კეთილდღეობის წინაპირობაა.
რედაქტორის ბლოგი