საბაზრო ეკონომიკა-პრივატიზაცია

Date

საბაზრო ეკონომიკის მოდელმა პრაქტიკულად ცხადყო, რომ ყველაზე ეფექტური და შედეგზე ორინეტირებული სტრუქტურაა. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია კერძო საკუთრების ღირებულებებზე. საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპი ბაზრის სისტემის არსებობაა, რომელიც კერძო საკუთრებისა და სასაქონლო ურთიერთობების საფუძველზე ყალიბდება. რომლის პირობებშიც მთავრი საყოველთაო კონკურენცია, თავისუფალი ბაზარი და მასში მოთხოვნა-მიწოდების დარეგულირებაა.

რა მნიშვნელობა აქვს ქონების განსახელმწიფოებრიობას და რა როლი ეკისრება კერძო საკუთრებას ეკონომიკის განვითარებაში?

ნებისმიერი ეკონომიკური მოდელის ნაყოფიერება განისაზღვრება წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმით, რაც თავისთავად გავლენას ახდენს სოციალურ შედეგებზე, საზოგადოების ჩართულობაზე ეკონომიკის ზოგად ასპექტებში. ისტორიულად, სამეწარმეო საქმიანობა, თავდაპირველად, იყო საზოგადოებრივი, კოლექტიური შრომის ერთობა, რომელიც ადრეული პერიოდისთვის ბუნებრივი მოცემულობაც იყო, ვინაიდან ადამიანს არ ჰქონდა რესურსის ცალკეულად ფლობის უფლება და არც განკარგვის მზაობა.  სხვადასხვა დროს იცვლებოდა ქონებაზე ფლობის ფორმები. ხოლო მწარმოებლური ძალების განვითარებისა და შრომის საზოგადოებრივი დანაწილების გაღრმავების შედეგად გაჩნდა ახალი ფაზა, რაც გულისხმობდა თემის დაშლას და ქონების განკერძოებულად განკარგვას. მაშასადამე, ადამიანს გაუჩნდა წარმოების რესურსი, რომლის ფარგლებშიც მას მიეცა შესაძლებლობა, რომ საკუთარ საჭიროებაზე მეტი სასაქონლო მეურნეობა შეექმნა, რაც დამატებით სარგებელსაც მოუტანდა.

კერძო საკუთრების როლი პიროვნულ და სახელმწიფო დონეზე ძალზედ მნიშვნელოვანია. თუკი, ადამიანებს ექნებათ პრივატული ქონება და  გაუჩნდებათ  დოვლათი ეს არ იქნება  მხოლოდ პიროვნული სარგებელი, მოცემულობა, ცალსახად, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელზეც.

გამოდის, რომ ქონების განსახელმწიფოებრიობა და ადამიანებისთვის საკუთრებაში გადაცემა ეკონომიკის აღმავლობისთვის საუკეთესო მოდელია, რაზეც უამრავი ქვეყნის მაგალითიც მეტყველებს. წლების წინ, ეკონომიკის ახალი სისტემის აუცილებლობის წინაშე დადგა საქართველოც, რომელმაც არსებული, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული წყობიდან ეტაპობრივი გადასვლა დაიწყო საბაზრო ეკონომიკის მოდელისკენ,  რომლის გახორციელებისთვისაც საჭირო გახდა მთავარი პირობის დაკმაყოფილება -ქონების პრივატიზაცია.

პრივატიზაცია არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ქონება უნდა გამოვიდეს სახელმწიფოებრივი მართვის სტრუქტურიდან და გადავიდეს დამოუკიდებელ წარმოებაში, კერძო მესაკუთრეების ხელში. ამრიგად, მივიღებთ, რომ თითოეული ადამიანი აქტიურად იქნება ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, თითოეული მათგანი იქნება ჩაბმული ეკონომიკის წრე-ბრუნვაში, რაც თავისთავად მოიაზრებს მიწების ათვისებასა და სამეურნეო ფუნქციის მინიჭებას, სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც ამ დროისთვისაც მხოლოდ ძველი შენობის სტატუსს ატარებს, ფუნქციას შეიძენს და ამუშავდება. ამდენად, რესურსი, რომელიც სახელმწიფოს აქვს აქტიურ დატვირთვას შეიძენს და გამოუყენებელი აღარ იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გადასვლა და პრივატიზაცია რთული პროცესია, რომელიც სწორ სტრატეგიულ ხედვასა და პოლიტიკას მოითხოვს. მწარმოებლური ძალის განსავითარებლად საქართველოში დღესაც აქტიურად მიმდინარეობს საჭირო სამუშაოები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად, ახალ ობიექტებსაც სთავაზობს.

„ყველაფერი იპოვის თავის პატრონს. ქონება გადაეცემა კერძო სექტორს, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს“, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პრივატიზაციის პროცესს.

რედაქტორის ბლოგი

წყარო: https://geoeconomics.ge/, https://businessfeed.ge/, https://bm.ge/ka