სანქციების მნიშვნელობა და როლი დიპლომატიურ ურთიერთობებში

Date

დიპლომატიური საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში ეკონომიკურ სანქციებს საგულისხმო ადგილი უჭირავს. ცივილურმა სამყარომ აღნიშნული მექანიზმები ომისა და სამხედრო ესკალაციის  თავიდან არიდების ალტერნატიულ საშუალებად მიიჩნია. არსებობს მოსაზრება, რომ სანქციების არსებობის ისტორია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, თუმცა ფუნქციურად მეტი დატვირთვა მე-20 საუკუნიდან იწყება. გაეროს წინამდებარე ორგანიზაციამ, ერთა ლიგამ შეიმუშავა სხვადასხვა მიმართულების სანქციების ერთობლიობა, რომლის მიზანიც მსოფლიო სიმშვიდის ურყევობა იყო. მესვეურთ სჯეროდათ, რომ სანქციები ომის საშიშროების განეიტრალების გარანტი იქნებოდა და ეკონომიკური წნეხი პოლიტიკურ დათმობებად ფორმირდებოდა.

რა არის ეკონომიკური სანქციები, ვის შესწევს მათი გამოყენების ძალა და რამდენად ეფექტურია მათი ზემოქმედება სამიზნე ქვეყნებზე?

ეკონომიკური საქნციების ორი ქვეტიპი არსებობს:

საერთაშორისო ყოვლისმომცველი ;

საერთაშორისო მიზნობრივი (ჭკვიანი);

მათ შორის განსხვავება მკვეთრი და რადიკალურია. აქედან პირველის შემთხვევაში, ეკონომიკური ზარალი და კრიზისი სანქციების ობიექტ სახელმწიფოში მცხოვრებ საზოგადოებას ერთნაირად  ეხება, შესამჩნევია ყველა სოციალური ფენისთვის.

ხოლო მეორე ტიპის სანქციის ამოქმედებისას გამოწვეულ უარყოფით ეფექტს კონკრეტული პოლიტიკური წრის წარმომადგენლები, მთავრობა ან მთავრობასთან ასოცირებული კომპანიები განიცდიან.  ამ სახის სანქცია უშუალოდ  აქტივების გაყინვას, მგზავრობაზე და ფუფუნების პროდუქციაზე შეზღუდვებს/აკრძალვებს ითვალისწინებს.

სტატისტიკურად, სამიზნე სახელმწიფოზე ზემოქმედების მოსახდენად უმეტეს შემთხვევაში „ჭკვიანური სანქციები“ გამოიყენება ,  რომლის დროსაც ზუსტად არის განსაზღვრული ზემოქმედების ობიექტიც და სუბიექტიც. ეკონომიკური სანქციების დროს ხშირია ისეთი  ზომების მიღება,  როგორიცაა,  ამა თუ იმ პროდუქციაზე ვაჭრობის ნაწილობრივი აკრძალვა, თუ სრული ემბარგო.

ემბარგო  ეკონომიკური სანქციების ერთ-ერთი მკაცრი იძულებითი ღონისძიებაა, რომლის თანახმადაც იკრძალება გარკვეული ნაწარმით ვაჭრობა, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული აქტი მიმართულია სტრატეგიული მნიშვნელობის წარმოებაზე, რაც სამიზნე ქვეყანას საგრძნობ ზიანს აყენებს. ზეწოლის ეს ფორმა ემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რის საფუძველზეც გამოიცა სანქციები, მიზეზი  შესაძლოა იყოს ამა თუ იმ ქვეყნის მიუღებელი  დამოკიდებულება რაიმე კონკრეტული საკითხის მიმართ,  კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა რომელიმე სახელმწიფოსთან და ა.შ.

სანქციებს საგარეო ურთიერთობების მარეგულირებელ და მასტაბილურებელ ინსტრუმენტად თანამედროვე სამყაროში დიდი ხანია აქტიურად იყენებენ.

მათი დაწესების უფლებამოსილება აქვს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგალითად, გაეროსა (გაერთიანებული ერების ორგანიზაციას) და ევროკავშირს, ასევე ცალკეულ სახელმწიფოებსაც.

იძულებითი ზომების სიცოცხლიუნარიანობა და შედეგიანობა რიგ შემთხვევებში, რიგ სახელმწიფოებთან მეტად ეფექტურია, ზოგჯერ კი  ნაკლებ ეფექტური. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდი და მასშტაბურია სანქციები, რამდენი სახელმწიფო და ორგანიზაციაა ჩართული. სასურველი მიზნის მიღწევის  ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ბევრი ქვეყნის მხრიდან ერთდროულად ამოქმედებული სანქციებია, რაც ზრდის ზემოქმედების ძალას სამიზნე ობიექტზე.

სანქციების მნიშვნელობაზე საუბარს კი გაეროში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის  ჯერემი გრინსტოკის სიტყვებით დავასრულებ: „სანქციები ეს არის ოქროს შუალედი ფუჭ დეკლარაციებსა და ომის გამოცხადებას შორის“.

https://www.investopedia.com/terms/e/embargo.asp, https://www.cfr.org/backgrounder/what-are-economic-sanctions#chapter-title-0-9