საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალი

Date

ამა წლის 14 დეკემბერს იმართება  აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს – ფორუმი, რომელსაც დაესწრება „ჯეოსილქროუდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ცირდავა. ფორუმს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლები. მინისტერიალს გახსნიან: იუსუფ აბდულაევი – აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი პერტაია – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ნაილ ოლპაკი – თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს თავმჯდომარე.  ძირითადი გამოსვლა დაეთმობათ მიქაილ ჯაბაროვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკურ მინისტრს, ნათია თურნავას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრსა და მეჰმედ მუშს – თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს.

მინისტრები და ქვეყნების წარმომაგენლები წარმოაჩენენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკურ პოტენციალს, იმსჯელებენ ამჟამინდელ და დაგეგმილ რეგიონალურ პროექტებზე და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ქვეყნებს შორის. საქართველოში ბოლო წლებში გატარდა რეფორმები, მოხდა ბიზნესისა და კერძო სექტორის წახალისების პოლიტიკის ჩამოყალიბება; იგი ყოველწლიურად ახერხებს ეკონომიკურ მაჩვენებლებში რეიტინგების გაუმჯობესებას, რაც პრაქტიკაშიც აისახება კომფორტული საინვესტიციო გარემოს შექმნით ინვესტორებისათვის. სავარაუდოა, რომ ფორუმის ფარგლებში ქართული მხარე ამ ასპექტებზე გაამახვილებს ყურადღებას.

რეგიონალური ბიზნეს ფორუმები, ამ შემთხვევაში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს-ფორუმი, მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფოებსა და ბიზნესებს შორის რეგიონალურ დონეზე კარგი პრაქტიკის გაცვლას-გამოცვლას. იგი წაახალისებს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს – სახელმწიფოებს, სამთავრობო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებსა თუ ბიზნესებს, რომ გამყარდეს და კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ერთა შორის ეკონომიკური ურთიერთობები, აგრეთვე მოიზიდავს დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა სამრეწველო თუ ინდუსტრიულ სფეროებში ინვესტიციის განხორიცელებისათვის. გაიმართება ორ და სამმხრივი ბიზნეს შეხვედრები (B2B) ქართული, აზერბაიჯანული და თურქული კომპანიების წარმომადგენლებს შორის და მთავრობისა და ბიზნესის შეხვედრები (G2B), რომელიც ფორუმის ფარგლებშია დაგეგმილი. ეს შეხვედრები ხელს მისცემს ზემოხსენებული მიზნების განხორციელებას.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთისთვის მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები არიან. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველო აღიარა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად 1991 წელს და ქვეყნისთვის მძიმე ვითარებაში მას დახმარების ხელი გაუწოდა. ამ ქვეყნების მჭიდრო კავშირის ნაწილია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის განხორციელება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ქვეყნების პოლიტიკურ ერთიანობასა და მნიშვნელობას დანარჩენი მსოფლიოსათვის. ასევე, არსებობს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორია. იგი 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ იქნა ინიცირებული. ეს მექანიზმი მოიცავს თანამშრომლობას პრეზიდენტულ დონეზე.[1] სწორედ ეს ფორმატია მსგავსი ფორუმების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი.

როგორც უკვე აღინიშნა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს ფორუმს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია. მისი მეშვეობით, სახელმწიფოებს ექმნებათ შესაძლებლობა, უკვე არსებული სამმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააფართოვონ, ვინაიდან ეკონომიკური შესაძლებლობები სურვილის არსებობის შემთხვევაში ფართო და შეუზღუდავია. კერძო კომპანიების, მთავრობებისა და  ბიზნესის შეხვედრები და ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ვიზიტი სახელმწიფოთა წარმომადგენლების მიერ, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება, კიდევ უფრო გააფართოებს ეკონომიკურ თვალსაწიერს, გაზრდის მნიშვნელოვან კავშირებსა და საქმიან ურთიერთობებს მეგობარ ქვეყნებს შორის.

რედაქტორის ბლოგი


[1] https://mfa.gov.ge/