ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „საინვესტიციო კლიმატი 2021“ და საქართველო

Date

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2021 წლის 21 ივლისს , საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით – „საინვესტიციო კლიმატი 2021“. თემატურ ჭრილში განხილულია საქართველოს გარემო-პირობები, მისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები. დოკუმენტში საქართველო მოხსენიებულია, როგორც რეგიონში რეიტინგების ლიდერი, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით.  „აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს ყველა იმ დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება შეუძლია“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოქვეყნებულ დოკუმენტს.

მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს პოლიტიკა ბიზნესისა და ინვესტიციების მიმართულებით პოზიტიურადაა შეფასებული. ასევე, ნათქვამია, რომ საქართველომ სტაბილური და განვითარებადი საბაზრო ეკონომიკისკენ სვლა დიდი რეფორმების შემდეგ დაიწყო, რომლის სათავედაც  1991 წელს გახორციელებული მასშტაბური ეკონომიკური რეფორმებია მოხსენიებული.

აშშ-მა და საქართველომ ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას ხელი 1994 წელს მოაწერეს. ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდაზე კვლავ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რაც უმაღლესი დონის დიალოგის ფარგლებში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფების საშუალებით ხდება.

ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მომგებიან პოზიციაზე, რაც გულისხმობს დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარეობას.  სწორედ ამიტომ, ტრანზიტი და ლოჯისტიკა პრიორიტეტულ მიმართულებებად არის დოკუმენტში მოხსენიებული , როგორც საერთაშორისო ვაჭრობიდან სარგებლის მიღების გზები. ამ კონტექსტში ნახსენებია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელმაც გააძლიერა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივა, ასევე, ხაზგასმულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობა და იმედოვნებენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი გახორციელდება და საბოლოო სახეს მიიღებს.

რედაქტორის ბლოგი

წყარო:    https://1tv.ge/news/

https://www.interpressnews.ge/ka
https://ge.usembassy.gov/
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin