„ეკონომიკა 2030“ ასე ეწოდა ეკონომიკური განვითარების 10 წლიან გეგმას, რომელიც პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებულ 10 წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავდა. დოკუმენტში, რომელიც გრძელვადიან სამოქმედო გეგმას წარმოადგენს, გაწერილია სტრატეგიული ხედვები და გასატარებელი რეფორმები, ასევე, გამოკვეთილია პრიორიტეტული მიმართულებები, რომელებშიც მთავრობა მეტი რესურსის მიმართვას აპირებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ექსპორტის გაზრდასა და იმპორტის ჩამანაცვლებელ წარმოებაზე. ამ მიმართულებით 50-მდე სხვადასხვა დარგია დასახელებული. ამ დარგების განვითარებისთვის იქნება სპეციალური, კომპლექსური შეთავაზება, რომელიც გულისხმობს: სესხის პროცენტის სუბსიდირებას, საკრედიტო-საგარანტიო მხარდაჭერას და სრულიად ახალ კომპონენტს – გრანტს. გრანტის მიზნობრიობას ეკონომიკის მინისტრი იმით განმარტავს, რომ მცირე ბიზნესს არ ჰყოფნის საკუთარი კაპიტალი განვითარებითვისა და სიახლეების დანერგვისთვის, ამიტომ გრანტის კომპონენტი მნიშვნელოვნად გაზრდის მათ სამეწარმეო შესაძლებლობებს, რაც საექსპორტო ინდუსტრიის დასახმარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ექსპორტზე ორიენტირებაში ბიზნესისთვის ხელისშემწყობი ფაქტორია ის გარემოებაც, რომ საქართველოს უბაჟო, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა 46 ქვეყანასთან აქვს, 10 წლიანი გეგმის ფარგლებში კი სულ მცირე 57 ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება იგეგმება.
პრიორიტეტული მიმართულებები დასახელდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიმართულებით. აგრო და ეკოტურიზმი იქნება ის სფეროები, რომელშიც მთავრობას დახმარების გეგმა ექნება შეთავაზებული. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით დახმარების გეგმა ყველა დარგზე სპეციალური, გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით არის შემუშავებული.
გრძელვადიან სამოქმედო დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორებს, რომლებშიც სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია იგეგმება. შემოსავლების კუთხით კი ტურიზმი სტრატეგიულ სექტორად განიხილება, საიდანაც უცხოური ფულის შემოდინების რეკურდულ მაჩვენებელს ელოდებიან. გრძელვადიან გეგმაში აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაამყარებს. საქმე ეხება საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ევროკავშირისას დაკავშირებას შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის მეშვეობით. ამ პროექტის გახორციელებით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.
ამ და კიდევ არაერთ მიმართულებაზე ისაუბრა ნათია თურნავამ „ეკონომიკა 2030“ სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას.
„ეკონომიკა 2030“ შეიქმნა ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარებისთვის, სტაბილურად მზრდადობისა და სიღარიბის შემცირების მისაღწევად. დოკუმენტს დადებითად აფასებს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და პოზიტიურ შედეგებს ელის. ასოციაცია, ასევე, ამზადებს იმ შენიშვნებს, რომლებიც აქვთ 10 წლიან სამოქმედო გეგმასთან მიმართებით, მის გამოქვეყნებას კი უახლოეს დღეებში აანონსებს.
რედაქტორის ბლოგი
წყარო: http://www.economy.ge/