“ელექტრონული ეკონომიკის” ესტონური მოდელის გაზიარების საჭიროება საქართველოში

Date

მიმდინარე წლის 3-6 ოქტომბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ბიზნეს ფორუმი გაიმართა საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატებისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სადაც მე, „ჯეოსილქროუდ“-ის აღმასრულებელ დირექტორს დავით ცირდავას მქონდა პატივი ვყოფილიყავი იმ ქართული ბიზნეს დელეგაციის ნაწილი, რომელიც ესტუმრა  ქალაქ ტალინს და გაიზიარა ის უდიდესი შესაძლებლობები, რომლებიც ესტონეთს გააჩნია ციფრული და ტექნოლოგიების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში შესწავლილი და გაზიარებული ესტონური გამოცდილებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო მუდმივად უნდა ესწრაფოდეს ესტონური პრაქტიკის სიღრმისეულ გაცნობას და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გამოყენებას.

ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) ესტონეთის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა და ფინანსდება თითოეული პროექტი, რომელიც უკავშირდება კომპიუტერულ თუ კომუნიკაციების სფეროს. მსგავსი თავდაუზოგავი შრომით ესტონეთმა განახორციელა წარმოუდგენელი მიღწევები ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში და მსოფლიოში წარმოჩნდა, როგორც „ელექტრონული ეკონომიკის“ მქონე მოწინავე ქვეყანა, ციფრული ინდუსტრიის განვითარებამ კი საბოლოოდ უზრუნველყო ესტონეთის, როგორც ძლიერი და მდგრადი ბიზნესისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბება.

This image has an empty alt attribute; its file name is image-2-1024x497.png

ესტონეთმა 2014 წლიდან პირველმა უზრუნველყო ინოვაციური პროექტის ე.წ. „ელექტრონული მოქალაქეობის“ (E-residency) დანერგვა, რომლის მეშვეობითაც ესტონეთის გარეთ მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ მოიპოვონ ესტონეთი ელექტრონული მოქალაქეობის სტატუსი და აღნიშნულის შემდეგ ესტონეთში დააფუძნონ/მართონ კომპანიები და გახსნან საბანკო ანგარიშები დისტანციურად. “ელექტრონული მოქალაქეების” რიცხვი უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ესტონეთის წარმატების მნიშვნელოვანი მიმართულებაა სტარტაპების აქტიური მხარდაჭერა, რომელთან დაკავშირებითაც 2015 წელს ესტონეთი ერთ სულ მოსახლეზე სტარტაპების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.  ამ ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებით არის განპირობებული როგორებიცაა: კომპანიების რეგისტრაციის გამარტივებული წესები (მათ შორის დისტანციურად), ლიბერალური საგადასახადო გარემო, განათლების სექტორში სტუდენტების აქტიური მხარდაჭერა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში რესურსების ჩადება და ა.შ. ქვეყანაში სტარტაპებისთვის შექმნილია ცალკე სამართლებრივი რეჟიმი და უზრუნველყოფილია სტარტაპ კომპანიებისთვის კომპლექსური მხარდაჭერები. ესტონეთის ყველაზე ცნობილი ციფრული წარმატებები: Skype და Bolt სწორედ საუნივერსიტეტო სივრცეში სტარტაპის სახით შეიქმნა და დღესდღეობით კვლავ დაუღალავად გრძელდება ამ ციფრული ინდუსტრიის განვითარება.

სტარტაპების აქტიური ჩამოყალიბება საქართველოშიც შესამჩნევი გახდა ბოლო წლებში. ამ მხრივ სახელმწიფო არაერთ ტექნოლოგიურ პროექტს აფინანსებს, თუმცა მეტი წარმატების მისაღწევად უფრო და უფრო მკვეთრი მოქმედებების განოხრიცელება არის საჭირო. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით „ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგიც პირველ ნაბიჯებს დგამს, რომლის ფარგლებშიც სულ ახლახანს ჩამოყალიბდა შვილობილი კომპანია „ჯეოინოვეითი“, რომლის ამბიციური მიზნებისთვის, გახდეს საერთაშორისო წარმატებული კომპანია, სწრაფი ნაბიჯები იდგმევა.

მიმდინარე პერიოდში ესტონეთში ფუნქციონირებს ელექტრონული მმართველობის სადემონსტრაციო ცენტრი (e-Estonia), რომელიც ესტონეთში 2009 წელს ჩამოყალიბდა და დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასათვალიერებელ ადგილად მიიჩნევა.  სადემონსტრაციო ცენტრი ყოველწლიურად უამრავ სტუმარს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მასპინძლობს, რომლის მიზანია გააცნოს ვიზიტორებს ელექტრონული მმართველობის კონცეფცია და ესტონეთში მისი წარმატების ისტორია.

საბოლოო შეფასებით, ინფორმაციული ტექნოლოგიები არის სწორედ ის დარგი და ინდუსტრია, რომელიც თითოეული ქვეყნის სწრაფად განვითარების საწინდარია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოც აქტიურად ჩაერთოს ესტონური გამოცდილების გაზიარების პროცესში და მზარდი ეკონომიკური განვითარების მომავლი სწორედ ციფრულ სამყაროს დაუკავშიროს.

ავტორი: დავით ცირდავა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin