საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის N185 დადგენილებით დამტკიცდა „განახლებული რეგიონების“ პროგრამა, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტის განახლებას, ისტორიული ცენტრების რეკონსტრუქციას, სპორტული და გამაჯანსაღებელი კომპლექსების აშენებას, ისტორიული და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციას, გასართობი და შემეცნებითი სივრცეების მოწყობას, ადმინისტრაციული დაწესებულებების მოწესრიგებას და ა.შ.
რეგიონების განახლების პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტები განახორციელებენ. ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლებისა და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტი კადრებით. აღნიშნული კომისიის საქმიანობა ითვალისწინებს რეგიონში იმ ობიექტებისა და ადგილების განსაზღვრას, რომელზეც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება. კომისია შერჩეულ ობიექტებზე გადაწყვეტილებისას ყურადღებას რეგიონისთვის სახასიათო ნიშნებზე, ისტორიულ-კულტურულ კონტექსტზე და ობიექტების მოქმედ დანიშნულებაზე ამახვილებს.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის კომპანიები ტენდერის გზით გამოვლინდებიან.
პროექტის ფინანსური ღირებულება, პირველი ეტაპისთვის, 500 მლნ ლარია. დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის თანახმად, თანხის ათვისება 4 წლის განმავლობაში იგეგმება, ვინაიდან პროექტის დასრულება სწორედ ამ დროზეა გათვლილი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეს პროგრამა ღირებულია არა ერთი ფაქტორით. რეგიონების ინფრასტუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, შეიქმნება სამუშაო ადგილები, გაჩნდება დამატებითი ტურისტული ზონები და ზოგადად, ქვეყანა ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
პროგრამის გათვალისწინებით, რამდენიმე რეგიონში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარე პროცესში არის.