გარემოს გლობალური რისკების ზრდა მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევად იქცა. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციები პრობლემასთან ბრძოლის უალტერნატივო გზად ეკომეგობრულ სისტემას ასახელებენ, რაც გულისხმობს წარმოების ისეთ მექანიზმს, რომელიც გარემოს ნაკლებ ზიანს მიაყენებს და მომხმარებელსაც უსაფრთხო პროდუქტს შესთავაზებს. ევროკავშირი ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ეკომეგობრული სისტემის დანერგვაზე და საზოგადოებაში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე. UNIDO- გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციასა და EU4Environment- რესურსეფექტურობისა და სუფთა წარმოების პროგრამის თაოსნობით გამოიცა საინფორმაციო ბარათები. დატანილი ინფორმაცია ეკომეგობრულობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე უსვამს ხაზს.
პრაქტიკაზე დაყრდნობით მტკიცდება, რომ ბიზნესისთვის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინება და ეკომეგობრულობის სისიტემაზე გადასვლა გარდა იმისა, რომ საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია, ხარჯების დაზოგვის ეფექტური გზაც არის. სამეწარმეო საქმეში ნედლეულისა და ენერგიის წყაროს სწორი შერჩევა, უმიზნო ხარჯების თავიდან აცილების გარანტია, რაც თავისთავად ცხადია, კომპანიისთვის ფინანსურად მომგებიანია. ამდენად, პრაქტიკული თვალსაზრისით, რესურსეფექტიანობა სარგებლის მომტანია მწარმოებლისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ნედლეულის, ელექტრო ენერგიისა და წყლის დანახარჯის ოპტიმიზაცია წინგადადგმული ნაბიჯია საერთო მიზნისკენ, გარემოზე ზეგავლენის შემცირებისკენ.
სუფთა წარმოება და რესურსეფექტურობა კომპანიებს იმ შესაძლებლობას აძლევს, რომ ნარჩენები, რომლებიც გარემოსთვის კატასტროფულად საზიანოა, გადაამუშაონ და ხელახლა გამოიყენონ. ეს დანაზოგი საბოლოო ჯამში ბიზნესისთვის მოგების სწრაფ ზრდას განაპირობებს.
ეკომეგობრული სისტემის დანერგვა აპრობირებულია ყველა ტიპის საქმიანობაში, ეს იქნება საწარმოო პროცესი, პროდუქტების წარმოება თუ სამომხმარებლო სექტორი. შემუშავებულია აღნიშნული სისტემის დანერგვის სქემა, რომელიც რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს. „დაგეგმე — გააკეთე — შეამოწმე — იმოქმედე“- ასეთია სტრატეგია, რომელიც სუფთა წარმოებისა და რესურსეფექტიანობის გახორცილეებისთვის არის საჭირო.
დღესდღეობით უკვე ბევრი კომპანია გადავიდა ბიზნესის ეკოლოგიური პრინციპებით მართვაზე, ბიო-პროდუქტის წარმოებაზე, მზის ენერგიისა და სამშენებლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებაზე. ზემოხსენებული ღონისძიებების გატარებით მნიშვნელოვნად მცირდება CO2-ის ემისისა და მყარი ნარჩენების მაჩვენებელი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეკომეგობრული წარმოება კომპანიის სახეს საერთაშორისო დონეზე ღირსეულად წარმოაჩენს და გარკვეულ პრივილეგიებსაც აძლევს, მაგალითად, „მწვანე“ კრედიტებზე წვდომას, რომლებსაც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები მაღალხარჯიანი სამეწარმეო მეთოდების დასანერგად გასცემენ.
რედაქტორის ბლოგი
წყარო: https://www.euneighbours.eu, https://www.marketer.ge, https://forbes.ge