საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული, კეთილმეზობლური დამოკიდებულებისა და სამომავლო პერსპექტივების გაღრმავების ფარგლებში, თბილისის მერი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. 13 ივლისს მან შეხვედრა გამართა ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან ელდარ აზიზოვთან. განიხილეს სამომავლო გეგმები და ხაზი გაუსვეს მრავალწლიან ურთიერთშორის კავშირს. შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბაქოს შორის პარტნიორული ურთიერთობა 1997 წლიდან იწყება. აღნიშნული ვიზიტისას ხელი მოეწერა დედაქალაქების დაძმობილების მემორანდუმს, რაც თავისთავად გულისხმობს ქვეყანათა შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და გაღრმავებას. თბილისს აქამდე 20 ქვეყანასთან ჰქონდა მსგავსი მემორანდუმი გაფორმებული, მათ რიცხვს კი აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქოც შეემატა.
„დღეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მრავალ სფეროში ვითარდება. ორმხრივი ვიზიტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ელდარ აზიზოვმა.
ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე, ასევე, შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. განხილულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ორივე მხრემ კმაყოფილება გამოთქვა გაფორმებული მემორანდუმის შესახებ, მათი პროგნოზით, ეს ფაქტი ქალაქებს შორის ბევრი მიმართულებით განავითარებს ურთიერთობას.
„ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მრავალმხრივ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლისა და პრაქტიკის გაზიარებას არაერთი სფეროს მიმართულებით, მაგალითად, კულტურა, ხელოვნება, სპორტი, ტრანსპორტირება, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, ურბანული დაგეგმარება და სხვ.
კახა კალაძე ნაყოფიერად აფასებს ორდღიან ვიზიტს და მემორანდუმს მნიშვნელოვან მოვლენად ასახელებს.
„მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რედაქტორის ბლოგი
წყარო: https://tbilisi.gov.ge/