რა როლი აქვს სოფლის მეურნეობას ეკონომიკაში?

Date

მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების გამოცდილება  გვიჩვენებს, რომ არსებული საყოველთაო კეთილდღეობა, ძირითადად, მრეწველობისა და მომსახურების სექტორების წყალობით მოიპოვეს, რა დროსაც სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკის გაძლიერებაში თანდათან იკლებდა. აღნიშნული სურათის ფონზე ჩნდება კითხვა- რა როლი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის ეკონომიკაში და რამდენად პრიორიტეტულია ეს სექტორი დარგობრივ სტრუქტურაში?

 სოფლის მეურნეობა ტრადიციული შინაარსის გარდა, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის პროდუქტით უზრუნველყოფასა და გამოკვებას,  ასევე, მნიშვნელოვანი როლის მატარებელია  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ცალკეულად ვერც სოფლის მეურნეობა და ვერც სხვა რომელიმე სფერო ვერ შეძლებს გარდამტეხი წვლილის შეტანას ეკონომიკის გაძლიერებაში, ვინიადან ეს დაკავშირებულია სხვადასხვა სექტორების თანადროულ განვითარებასთან, რეფორმების გატარებასთან და სისტემურ ცვლილებებთან.

ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილის შემცირება, რაც ზემოთ აღინიშნა,  არ ნიშნავს, რომ მცდარი ნაბიჯები გადაიდგა, ან არამართებული ორინეტირი ჰქონდა ეკონომიკას. ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკაში მცირდებოდა სოფლის მეურნების წილი განვითარების ეტაპების კვალდაკვალ. ეს მოცემულობა არანაირად არ ხდის სოფლის მეორნეობის დარგს მეორეხარისხოვანს ან უმნიშვნელოს.  ცალკე აღებული აგრარული სექტორიც ვითარდებოდა, მაგრამ სხვა დარგები იმდენად სწრაფად პროგრესირებდნენ, რომ მისი წილი ეკონომიკაში მნიშვნელოვნად მცირდებოდა, სხვა „დაწინაურებულ“ სფეროებთან შედარებით. ამდენად, სოფლის მეურნეობა შესაძლებებლია განვიხილოთ,  როგორც ინდუსტრიალიზაციის წინაპირობა.

საქართველოში აგრარული სექტორი  პრიორიტეტულ სფეროდაა მიჩნეული. ამას განაპირობებს ისიც, რომ ქვეყანას მიწის დამუშავების და სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოყვანის მრავალწლინაი ისტორია აქვს, ამასთან, აღნიშნული დარგი მთავრობათა მხრიდან ხშირად სიღარიბის დაძლევის  უალტერნატივო სფეროდ მოიაზრება ხოლმე.  აქედან გამომდინარე ბევრი რესურუსი და ფინანსები იხარჯება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ რეფორმებსა თუ პროგრამებში.

მიუხედავად გაწეული ძალისხმევისა, აგრარული სექტორი მაინც რჩება არაერთი და მწვავე პრობლემის წინაშე . მათ შორისაა: გაუმართავი ინფრასტრუქტურა, დაბალი კვალიფიკაცია, ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა რესურსების ნაკლებობა, თუნდაც ინფორმაციული.

საქართველოს სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი პრობლემა მცირემიწიანობაა. ქვეყნის ტერიტორიული სიმცირისა და ურბანიზაციის დაბალი მაჩვენებლის გამო,სოფლის მეურნეობით დაკავებულ შინამეურნეობაზე მცირე მიწის ფართობი

მოდის. მცირე მიწაზე წარმოება კი ვერ ჩაითვლება ვერც მასშტაბიან ბიზნესად და ვერც მოგების მომტან საქმედ.

ამასთან აღსანიშნია შემდეგი გარემოებაც, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ წარმოების ეფექტიანობა და პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.  დამხმარე საშუალებებით მოსავლიანობის მკვეთრი ზრდა დღეს უკვე შესაძლებელია. მაგალითად, საქართველოში ერთ ჰექტარზე, საშუალოდ,დაახლოებით 2.7 ტონა ხორბალი და სიმინდი მოჰყავთ, როცა ბელგიაში, ნიდერლანდებში და ირლანდიაში ერთ ჰექტარზე 9 ტონამდე მოსავალი მოდის, ამ სურათს განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების დონე, რაც არასახარბიელოა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.

ბოლო წლებში სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს აგრო სექტორის გაძლიერებაზე. ამ იდეის ირგვლივ განხორციელდა ისეთი პროექტები როგორებიცაა: „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, აგროწარმოების მხარდაჭერის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტები და სხვა.

სახელმწიფო პროგრამები მიმართულია სოფლის მეურნეობის პოტენციალის ბოლომდე ათვისებისკენ და იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებისკენ.

და ბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობის როლი ქვეყნის ეკონომიკაში ძალზედ საგულისხმოა, მით უფრო განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონეა. მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის გატარება და ინვესტირება, რაც  მრავალრიცხოვანი შინამეურნეობების ეფექტიანობის ამაღლებას დააჩქარებს. რის შედეგადაც შიდაწარმოება განვითარების მაღალ ნიშნულს მიაღწევს.

გამოყენებული ლიტერატურა :https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/27243, https://www.fao.org/3/aq673ka/aq673ka.pdf