საქართველოში „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“ დაარსდა

Date

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც  დასავლურ-აღმოსავლურ განზომილებაში ხელსაყრელ პოზიციას გულისხმობს, ქვეყანას ფართო შესაძლებლობებს აძლევს. კერძოდ, ეს არის უნიკალური საშუალება, იმისთვის, რომ საქართველომ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე არსებობა გამოიყენოს სახელმწიფოთა შორის  საინვესტიციო, სოციალური, კულტურული ურთიერთობების დამყარებისა და გაღრმავების თვალსაზრისით.

აღნიშნულმა მოცემულობამ განაპირობა ახალი ბიზნესგაერთიანების დაფუძნება. 2021 წლის 13 ივლისს დაარსდა „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“, რომელიც აერთიანებს აღნიშნული არეალის ქვეყნების მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს, ასევე, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთათვისაც სამხრეთ კავკასია საინვესტიციოდ მიმზიდველი და საინტერესოა.

 ამა წლის 10 აგვისტოს (10.08.2021) სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნესპალატის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც  საქართველოს სამთავრობო, კერძო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აგრეთვე, უცხოელი ინვესტორები და კერძო პირები დაესწრნენ. ფართო აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დარპან პრაშერმა და ვიცე პრეზიდენტებმა – დავით ცირდავამ, გიორგი ოთარიძემ. მათ მოწვეულ სტუმრებს ბიზნესპალატის ხედვა და კონცეფცია გააცნეს.

                უცხოური ინვესტიციების მოზიდვა დასახელდა ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ სამოქმედო ვექტორად. მათი განცხადებით, თანმიმდევრული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მიმართული იქნება საქართველოს ყველა იმ უპირატესობის ნათლად წარმოჩენისკენ, რომელიც მას სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გააჩნია.

გთავაზობთ მნიშვნელოვან საკითხთა ერთობლიობას, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ზრდას წაახალისებს:

პოლიტიკური რეფორმები;

ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები;

სახელმწიფო  ქონების პრივატიზაცია;

მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემო;

კონკურენტული სავაჭრო წესები;

ლიბერალური საგადასახადო კოდექსი;

მოდერნიზებული ლიცენზიების სისტემა;

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  (DCFTA);

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება;

სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა;

ორგანიზაცია დღეს უკვე არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ წარმატებულ კომპანიას აერთიანებს. ბიზნესპალატაში გაწევრიანების უპირატესობებად უნდა მივიჩნიოთ, ერთი მხრივ, წევრებისთვის მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდება ქვეყანაში  მიმდინარე მოვლენების შესახებ (საინვესტიციო კლიმატი, ეკონომიკური  გარემო თუ კულტურულ-საგანამანათლებლო სიახლეები); მეორე მხრივ, საერთაშორისო დონის კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების საშუალება; ეს კი კომპანიების, ინვესტორებისა და კერძო პირებს ფინანსურ დაწინაურებაში დაეხმარება.

                ბიზნესპალატა გეგმავს უმნიშვნელოვანესი პროექტების გახორციელებას. მისი ერთ-ერთი მამოძრავებელი იდეაა საქართველოს ფორმირება „ცოდნის ექსპორტიორ“ სახელმწიფოდ. ჩანაფიქრი გულისხმობს დარგობრივი გადამზადების ცენტრის შექმნას, პროფესიული განვითარებისა და კადრების სრულყოფის მიზნით. ამასთან, იგეგმება ესქპერტ-სპეციალისტთა ბაზის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნის საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებას.

ამ და სხვა ღირებულებებით დაიწყო ფუნქციონირება „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატამ“, რომელიც სამომავლოდ მრავალი მასშტაბური პროექტის გახორციელებას აანონსებს.

რედაქტორის ბლოგი