DUBAI EXPO 2020 – „დააკავშირე გონება, შექმენი მომავალი“

Date

2021 წლის 1 ოქტომბერს სტარტი აიღო “DUBAI EXPO 2020”-მა, რომლის ჩატარება 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა მსოფლიოში პანდემიის გავრცელების გამო ზემოთ აღნიშნულ თარიღამდე იყო გადადებული.  ეს არის უნივერსალური გამოფენა, რომელიც ტარდება არაბთა გაერთიანებულ საამიროების ქალაქ დუბაიში და აერთიანებს სამ ძირითად საკითხს. შესაძლებლობები – თავისუფლება ინდივიდებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, შექმნან უკეთესი მომავალი. მობილურობა – ინოვაციური ლოჯისტიკა, ტრანსპორტი და კომუნიკაციები საჯარო სიკეთეებისთვის. მდგრადი განვითარება – წვდომა განახლებად ბუნებრივ რესურსებსა და წყალზე. 6 თვის განმავლობაში დუბაიმ უმასპინძლა 200-მდე სახელმწიფოს, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოში საუკეთესო იდეებს, პროექტებსა და მატერიალურ თუ არამატერიალურ ინფრასტრუქტურებს – ყველაფერს რაც DUBAI EXPO 2020 – ის ფორმატს უკავშირდება.

“DUBAI EXPO 2020”  პირველი გლობალური გამოფენა იყო შუა აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. მასშტაბურ ღონისძიებას 25 მილიონი ადამიანი ეწვია. ღონისძიებამ 23 მილიარდ აშშ დოლარამდე გამოიმუშავა და ბიძგი მისცა გაერთიანებული საამიროების  ეკონომიკას, რომელიც მსოფლიო განვითარებული მოვლენებისა და კოვიდ – 19 ის გამო, მხოლოდ 1.19 პროცენტით გაიზარდა.მსოფლიოში არსებული ენერგო კრიზის კვალდაკვალ, განსაკუთრებულად უნდა გამოიყოს “DUBAI EXPO 2020” – ის მდგრადი განვითარების მიმართულება, სადაც კონცენტრაცია გაკეთდა ენერგიის ინოვაციურ წყაროებზე, ქარის, მზისა და წყლის განახლებად რესურსებზე, რაც ასე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად – ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ ჭრილში. ღონისძიების ერთ-ერთი იდეა იყო წყლის უმიზნო ემისიისა და ხელახლა გამოყენების ინიცირება. როგორც “DUBAI EXPO 2020” – ის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, გაერთიანებული საამიროების მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურა წყლის უმიზნო ხარჯვის 53%-მდე ემისიას ახდენს, საუბარია 102 მილიონ 835 ათას ლიტრამდე შენახულ გამოსაყენებლად ვარგის წყალზე.

ზემოთ ხსენებული პირდაპირ ეხმიანება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ სამოქმედო გეგმას –  „United Nations’ 2030 Agenda for Sustainable Development“ , ეს უკანასკნელი გულისხმობს ემისიების შემცირებასა და დედამიწის რესურსების იმგვარად გამოყენებას, რომ ზიანი არ მიადგეს აწმყოს, ამასთან მომავალმა თაობებმა შეძლონ ენერგო მოთხოვნილებების უსაფრთხოდ დაკმაყოფილება.

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კომერციული კავშირის დამყარება და ეკონომიკური სექტორის დივერსიფიცირება ქვეყნების ამომავალი ინტერესია. ამ ჭრილში აღსანიშნავია, რომ “DUBAI EXPO 2020” – ის მასშტაბურ ღონისძიებას ქართული წარმომადგენლობის გარეშე არ ჩაუვლია. წარმომადგენლობამ მიზნად დაისახა, რომ ღონისძიების სტუმრებს გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა, დამწერლობა, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი. ქართული პავილიონი მდგრადი განვითარების სექციაში ჯამში 213 კვ.მ. საგამოფენო სივრცეში განთავსდა. წარმოდგენილ იქნა ქართული დამწერლობა და კალიგრაფია, ასევე ლიტერატურული ნაშრომები. ასევე ჩატარდა თეატრალური პერფორმანსი – „ 7 ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან „

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ზოგადად არაბულ სამყაროსთან ძლიერდება და საქართველოს მიმართ იზრდება ინტერესი ტურისტული, საინვესტიციო, ვაჭრობის თვალსაზრისით.

„DUBAI EXPO 2020“ – ზე გაირკვა შემდეგი “WORLD EXPO” – ს ჩატარების თარიღი და ლოკაცია. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ღონისძიება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმართება, ღონისძიება სტარტს იაპონიაში 2025 წლის 13 აპრილს აიღებს და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ ტიპის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ჭრილში. არაფორმალური გარემო და მრავალფეროვანი კულტურული ელემენტები არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ახალი ურთიერთობებისა და კავშირების დასამყარებლად.

საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ “DUBAI EXPO 2020” განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო 200 მდე სახელმწიფოსთვის. ახალი კავშირები და პოტენციური ინვესტორები ინოვაციური პროექტები და მდგრადი განვითარების პოლიტიკა აღნიშნულ ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. მნიშვნელოვანია, რომ “DUBAI EXPO 2020” – ზე ქართული წარმომადგენლობაც წარსდგა მსოფლიოს წინაშე, რამაც არაჩვეულებრივად შეძლო ქვეყნის შესაძლებლობებისა და ღირებულებების რეპრეზენტაცია. მსგავსი ტიპის ღონისძიებები დაამყარებს ახალ ეკონომიკურ კავშირებს, რაც მსოფლიო ეკონომიკის შოკური მდგომარეობის პარალელურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„დააკავშირე გონება, შექმენი მომავალი“ – DUBAI EXPO 2020 

ავტორი: დავით ცირდავა