ბიზნესინტელექტი- მნიშვნელობა და სარგებელი

Date

ბიზნესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი ყოველდღიურად, უფრო და უფრო, იზრდება, თითქოს უკვე შეუძლებელიც კი არის ცალ-ცალკე, განყენებულად წარმოვიდგინოთ – ბიზნესი და ტექნოლოგიები.  ბიზნესსაქმიანობა ორგანულად მიეჯაჭვა ციფრულ სამყაროს, ვინაიდან ტექნოლოგიების უსაზღვრო შესაძლებლობებმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბიზნესის წარმატება.

 დღეს მიმოვიხილავ ბიზნესინტელექტს, რომელიც ერთ-ერთია ზემოხსენებული შესაძლებლობებიდან, რასაც ტექნოლოგიები აძლევს ბიზნესს.

რა არის ბიზნესინტელექტი?

იმისთვის, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს წარმატებული გვჭირდება წარსულის გამოცდილებისა და ამჟამინდელი მოცემულობის
შეფასება/ანალიზი. ამ მიზნისთვის აუცილებელია ბიზნესს ჰქონდეს ბაზა მარკეტინგული კამპანიების, წარმოებული ოპერაციების, ადამიანური რესურსის და ზოგადად, ყოველგვარი პრაქტიკის, რაც კი დაუგროვებია.  ბიზნესისთვის ასეთი ყოვლისმომცველი მონაცემების არსებობა და დამუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  ამ მოპოვებულ ინფორმაციულ ერთობას- ბიზნესინტელექტი, Business intelligence (BI) ეწოდება.

კომპანიისთვის ასეთი ბაზის მნიშვნელობა დიდი და ფუნდამენტურია. თუმცა, ამ ბაზას ფასი არ აქვს თუკი მისი დამუშავება და ანალიზი არ ხდება. არაფერი სარგებელი არ აქვს ინფორმაციას თუკი მას ჩვენი წარმატებისკენ არ მივმართავთ. აღნიშნული მონაცემები ბიზნესისთვის უნდა იყოს სახელმძღვანელო, თუ რა ცვლილებებია საჭირო, რა მიმართულებითაა კომპანია ძლიერი, რა მიმართულებით-სუსუტი, რა მიზეზებია ამ სისუსტის და როგორ არის შესაძლებელი, რომ კომპანიამ ეს სისუსტე ძლიერ მხარედ აქციოს და ასე შემდეგ. მოკლედ, BI  მოიაზრებს მონაცემთა მოპოვებას, მათ დამუშავებასა და ვიზუალიზაციას. ასევე, ბიზნეს ანალიტიკას  და პერიოდულ რეპორტებს. ყველაფერ იმას, რაც კომპანიას თავის საქმიანობაზე აძლევს ნათელ სურათს.

რა სარგებელი აქვს მას ბიზნესისთვის?

ბიზნესინტელექტის სარგებელი მრავალმხრივია. წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ამა თუ იმ კონკრეტული, მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის შედეგები დაწყებიდან -დასრულებამდე. მარკეტინგის ჯგუფმა არ დაიშურა არც ძალიხსმევა არც ფინანსური რესურსი, თუმცა კამპანიამ არ მოიტანა სასურველი შედეგი. ასეთ დროს, იმისთვის რომ მომხმარებლის ქცევა ჩვენი კამპანიის მიმართ მკაფიო გავხადოთ და ვეძებოთ პასუხები, თუ რატომ დარჩა ჩვენი მარკეტინგული კამპანია სათანადო ყურადღების მიღმა, დაგვჭირდება ანალიზი. ბიზნესინტელექტი ამოსავალი წერტილია მომხმარებელთა ქცევებისა და შეხედულებების შესასწავლად, რაც საბოლოოდ ორგანიზაციას ეხმარება მასზე მორგებული პროდუქციის, შეთავაზებისა თუ სერვისის მიწოდებაში. როდესაც იცნობ შენს აუდიტროიას მარტივია მისი საჭიროებები გამოიცნო.

როგორ ხდება ამ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი?

ტექნოლოგიური სფეროს მუდმივმა განვითარებამ და დახვეწამ შესაძლებელი გახადა მონაცემთა ბაზის კიდევ უფრო გამარტივებული გზით დამუშავება.

ბიზნესინტელექტის ინსტრუმენები აერთიანებს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებსა და სისტემებს, როგორებიცაა ცხრილები, ონლაინ ანალიტიკური დამუშავების ინსტრუმენტები, რეპორტირების პროგრამები, ბიზნეს მონიტორინგისა და მონაცემთა დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.

 არსებობს რამდენიმე  BI ხელსაწყო (Qlik Sense, Microsoft Power BI, Tableau, SAP BusinessObjects BI და ა.შ), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია დიდი მონაცემების დამუშავება და ვიზულაზაცია. პროფესიონალურ დონეზე აღნიშნული პროცესის წარმოება IB დეველოპერს შეუძლია, რომელიც სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის ანალიტიკაზე.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ BI კომპანიას აძლევს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მას ხელს უწყობს სწორად დაგეგმოს მარკეტინგი, ბიუჯეტი, გაწეროს სტრატეგია, აღმოფხვრას რისკები, იპოვოს სუსტი მხარეები, რომლებსაც ანალიზის საფუძველზე ძლიერ მხარეებად აქცევს და ა.შ.  ეს არის ბაზა, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება გაზარდოს მისი მომხმარებლის კმაყოფილება, გაყიდვების მოცულობა და შესაბამისად, შემოსავლები.

რედაქტორის ბლოგი.

გამოყენებული ლიტერატურა: https://powerbi.microsoft.com/

, https://www.techtarget.com/